საქართველოში დამატებული ღირებულების გადასახადი 18%-ს შეადგენს. სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურების საბოლოო ფასში საბოლოოდ დღგ 18%-იან წილს იკავებს. თუმცა ამავდროულად, საგადასახადო კოდექსში არის ასობით სხვადასხვა გამონაკლისი თუ დათვლის სხვადასხვა მეთოდოლოგია, რომელიც საბოლოო ჯამში საგადასახადო შეღავათს წარმოადგენს. სწორედ ამ შეღავათების მოცულობა გააანალიზა ფინანსთა სამინისტრომ და ის პარლამენტს წარუდგინა. მისი მიხედვით, 2022 წელს საგადასახადო შეღავათების ჯამი 3.8 მილიარდ ლარს შეადგენდა, რომლის 90%-იც დღგ-ზე მოდის.
დღგ-ისგან გათავისუფლებული მსხვილი სექტორებია: ჯანდაცვა; ფარმაცია; განათლება; აზარტული თამაშები, მსუბუქი ავტომობილებით ოპერაციები და სოფლის მეურნეობა. ამ და სექტორების მიხედვით, 2022 წელს ბიუჯეტმა 3.4 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლები არ მიიღო.
2022 წელს საგადასახადო შეღავათების ეფექტი (ბიუჯეტის მიერ მიუღებელი მილიონი ლარი) სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება:
- ჯანდაცვა - 484 მილიონი ლარი;
- განათლება - 431 მილიონი ლარი;
- სოფლის მეურნეობა - 378 მილიონი ლარი;
- ფარმაცია - 321 მილიონი ლარი;
- მსუბუქი ავტომობილები - 84 მილიონი ლარი;
- სხვა სექტორები ჯამი: 1.63 მილიარდი ლარი.
ანგარიშის მიხედვით, ამ საგადასახადო შეღავათების წამყვანი ბენეფიციარები ჯანდაცვა+ფარმაციის და განათლების სექტორები არიან. ამ სექტორებიდან ყველაზე მეტი ბენეფიციარი სოფლის მეურნეობის სფეროშია, სადაც ძირითადი მიმწოდებლები მცირე და საშუალო მეწარმეები არიან, ხოლო ჯანდაცვისა და ფარმაციის სექტორებში კი უფრო მეტად მსხვილი ჰოლდინგები დომინირებენ.
“სექტორების მიხედვით შეფასებული დღგ-ს საგადასახადო დანახარჯები 2018-2022 წლისთვის აჩვენებს, რომ ჯანდაცვამ საშუალოდ მშპ-ს 0.72 პროცენტი (390 მლნ ლარი). 2022 წელს ჯანდაცვის სექტორში დღგ-ს საგადასახადო დანახარჯები მშპ-ს 0.67 პროცენტი (484 მლნ ლარი) შეადგინა. ეს წინა წლის მაჩვენებელზე (383 მლნ ლარი) მეტია. დღგ-ს საგადასახადო დანახარჯები 2022 წლისთვის თითოეულ სექტორში გაიზარდა როგორც პროცენტულად მშპ-სთან, ასევე გაიზარდა ნომინალურ დონეებში. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა განათლების სექტორის დღგ-ს საგადასახადო დანახარჯებში 2018 წლიდან, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წლის 301 მლნ ლარიდან 362 მლნ ლარამდე გაიზარდა 2019 წელს, ხოლო 2020-2021 წლებში შემცირდა, თუმცა 2022 წელს 431 მლნ ლარს მიაღწია (მშპ-ს 0.6 პროცენტი). 2018 წლიდან დღგ-ს საგადასახადო დანახარჯები გაზრდილია მსუბუქი ავტომობილების დღგ-ს საგადასახადო დანახარჯები, რომელიც 2018 წელს 59.5 მლნ ლარს უტოლდებოდა, ხოლო 2022 წელს 84.5 მლნ ლარი შეადგინა,”- ნათქვამია დოკუმენტში.
ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ უწყების პირველად მიზანს საგადასახადო შეღავათების მოცულობის იდენტიფიცირება წარმოადგენდა, რომლის შემდეგაც საჭიროა კოდექსის თითოეული მუხლის ეფექტიანობის გამოკვლევა და იმის განსაზღვრა სახელმწიფო ამ შეღავათებით მეტ სარგებელს იღებს, თუ პირიქით კარგავს.
“ვინაიდან გადასახადებისგან გათავისუფლებისა და შეღავათების მიზანი არის სოციალური მიზნის მიღწევა და ბიზნესის მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ შეღავათებიდან გამომდინარე საგადასახადო დანახარჯების ანალიზი. სწორედ ამიტომ, ამ ანალიზის პირველი ნაბიჯია საგადასახადო დანახარჯების რაოდენობრივი შეფასება. მისი მიზანია საგადასახადო დანახარჯების შეფასება დამატებული ღირებულების გადასახადის, საშემოსავლო გადასახადისა და მოგების გადასახადისთვის, 2018 წლიდან დღემდე, მისი ტენდენციებისა და კონტრიბუტორების ანალიზის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ დღგ-ს, საშემოსავლო და მოგების გადასახადის საგადასახადო დანახარჯების რაოდენობრივი შეფასება განხორციელდა 2018-2020 წლებისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და USAID-ის მიერ, ამ ანგარიშში წარმოდგენილი ზოგიერთი შედეგი მათი წინა შეფასებებისგან განსხვავებულია, საგადასახადო დანახარჯების შეფასების 2022 წლის დოკუმენტში გამოყენებული გარკვეული სახის მეთოდოლოგიური ცვლილებისა და განახლებული და დაზუსტებული მონაცემების გამო. განახლებული მონაცემების გამო შესაძლოა მიმდინარე ანგარიშის შედეგები განსხვავდებოდეს გასული წლის ანგარიშში არსებული შედეგებისგან. დოკუმენტი მოიცავს 2018-2022 წლების მონაცემების რაოდენობრივ შეფასებას. მონაცემების სიმცირის გამო (მაგ: დღგ-ს საგადასახადო დანახარჯები 2022 წლისთვის) ანგარიშს გააჩნია გარკვეული შეზღუდვები, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს რაოდენობრივი შეფასების სიზუსტეს,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში.
საქართველოს ხელისუფლებამ საგადასახადო შეღავათების ანალიზის და მის საფუძველზე შესაბამისი რეფორმის ჩატარების ვალდებულება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჯერ კიდევ წინა პროგრამის ფარგლებში აიღო. ანალოგიური ვალდებულება შენარჩუნებულია IMF-ის იმ პროგრამაშიც, რომლის მეორე მიმოხილვაც შეჩერებულია.