ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, სოფლის მეურნეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შეფასება წლის ბოლომდე გამოქვეყნდება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მსჯელობა, ღირს თუ არა შეღავათების გაუქმება. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ პარლამენტში, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქმე ისაა, რომ საგადასახადო შეღავათების გამო 2023 წელს ბიუჯეტმა თითქმის 6 მილიარდი ლარი ვერ მიიღო. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 7.4%-ია და 2018-2022 წლების მაჩვენებლებზე მეტია როგორც ნომინალურ, ისე - მშპ-ს პროცენტულ გამოსახულებაში. ფინანსთა სამინისტრომ სოფლის მეურნეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზი გასულ წელს დაიწყო.
„6 მილიარდი ძალიან გაბერილი რიცხვია. უნდა შევხედოთ რეალურ შეღავათს, ვინაიდან განათლების სექტორში რომ გადასახადებისგან გათავისუფლებულია, კი შეღავათია, თუმცა ეს შეღავათი არ არის საქართველოს მოგონილი პრაქტიკა, ზოგადად მიღებულია საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკაში. იგივე ჯანდაცვის ნაწილში, რიგ ქვეყნებს აქვთ ძალიან მცირე, თუმცა ჯანდაცვაში ყოველთვის არის შეღავათი. ამიტომ, სექტორებს უნდა შევხედოთ იმ მიმართულებით, სადაც სხვებისგან განსხვავებული შეიძლება გვქონდეს შეღავათები. ერთ-ერთი ასეთი არის სოფლის მეურნეობა. გარკვეული შეფასებები უკვე გაკეთებული გვაქვს, წლის ბოლომდე, შეიძლება ბიუჯეტის ბოლო ვარიანტთან ერთად, უკვე გამოვაქვეყნებთ ეფექტურობას, ანუ ხარჯთეფექტურობის შეფასებას ამ შეღავათების და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ მსჯელობა, ღირს თუ არა ამ შეღავათების გაუქმება, უფრო ეფექტური ხომ არ იქნება ამ შეღავათებიდან ამოღებული რესურსის მიმართვა უფრო ეფექტური პროექტებისთვის.
ყველაზე დიდი მოცულობით იყო სოფლის მეურნეობა, შესაბამისად, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობა არის შესწავლილი. განათლებაზე ვფიქრობთ, რომ არ დავკარგავთ რესურსს, ვინაიდან შეღავათი უნდა იყოს და დარჩება. შესაძლოა, იყოს ჯანდაცვის გარკვეულ მიმართულებებზე შეხედვა, ვინაიდან ხომ არ არის უფრო ეფექტური რაიმე პროგრამების დაფინანსება, ვიდრე ასე საყოველთაოდ, თუმცა როგორც წესი, შეღავათები ძალიან ეფექტურია, როდესაც სოციალურ მიმართულებებზე ვლაპარაკობთ, ამიტომ ამის გადახედვა შესაძლოა არ მოხდეს“,- თქვა გიორგი კაკაურიძემ.