ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ანაკლიის პორტისა და პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დაახლოებით ერთ პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატ დავით კოდუამ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხა: - როდის დაიწყება ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზაა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც შეუწყობს ხელს. ხომ არ გაქვთ კონკრეტული ვადები - როდის დაიწყება ეს პროექტი?
გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმაში ამ პროექტის დაწყება 2025 წელს ჰქონდა, თუმცა რესურსების გამო, გზის მშენებლობა 2026 წლამდე გადაიწევს.
„2025 წლის ბიუჯეტზე მუშაობისას ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმოდგენილი ჰქონდა პროექტის დაწყება, თუმცა არსებული რესურსებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტექნიკურ ნაწილში მოემზადება ამ გზის მშენებლობის დასაწყებად და სამუშაოები 2026 წლიდან დაიწყება. პორტის და გზის მშენებლობა დაახლოებით ერთ პერიოდში დაიწყება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.