2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მომდევნო წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხა საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დაიხარჯება, რისთვისაც წელს მთავრობამ ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი დაიქირავა.
პროექტის თანახმად, 150 მილიონი ლარი პორტის ტალღმჭრელის მშენებლობასა და ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოების წარმოებაზე დაიხარჯება, რასაც Jan De Nul-ი შეასრულებს.
2024 წელს ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებისთვის 50 მილიონი ლარი, 2026 წელს კი 180 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.
"პროექტი - წყლის ნაგებობის („Breakwater” ე.წ. „ტალღისმჭრელი“) მშენებლობა და ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოების („Dredging”) განხორციელება.
საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტის - ანაკლიის მულტიფუნქციური პორტის მშენებლობა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით. უმაღლესი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, ეს ფაქტორები შეუწყობს ხელს პორტის პროდუქტიულობას, ეფექტურობასა და საიმედოობას. ანაკლიის ნავსადგური დაიკავებს მნიშვნელოვან პოზიციას ტრანზიტული ჰაბის სახით.
პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ, წინასწარი გათვლებით, პორტმა უნდა მიაღწიოს დაახლოებით 600 ათასი TEU (7.8 მილიონი ტონა) გამტარიანობა წელიწადში.
ანაკლიაში ახალი ნავსადგურის ფსკერი არანაკლებ 16 მეტრამდე დაღრმავება,"- ნათქვამია დოკუმენტში.
2024 წლის 1 აგვისტოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიის შესარჩევი საერთაშორისო ტენდერის შედეგები გაასაჯაროვა. ტენდერში ბელგიურმა კომპანია Jan De Nul-მა გაიმარჯვა.
რა ეტაპზეა პორტის ინვესტორის შერჩევის პროცესი:
საქართველოს მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან ოთხი შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი 2024 წლის მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო.
პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.
პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო გემები 2029 წელს უნდა შევიდნენ, პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ის წლიურად 600,000 კონტეინერის გამტარიანობის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.