ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავების, ასევე საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი გამოავლინა.
აღნიშნულ ტენდერში ეკონომიკის სამინისტროს მოწვეული ჰყავდა ოთხი საერთაშორისო კომპანია, რომლებიც მსოფლიოს ფსკერდაღრმავებითი ფლოტის 80%-ს ფლობენ. საბოლოოდ ტენდერში საკუთარი წინადადება სამმა კომპანიამ წარადგინა, ხოლო გამარჯვებულად ბელგიური Jan De Nul-ი გამოვლინდა.
ბელგიური საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია 1938 წლიდან ოპერირებს, კომპანია საერთო ჯამში 7 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალმა 2.94 მილიარდი ევრო შეადგინა. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ 296 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.
კომპანია რამდენიმე კონტინენტზე ოპერირებს, ესენია ევროპა, სპარსეთის ყურე, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, და აზია. კომპანია როგორც საპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობით, ასევე ზღვებში ოფშორული (offshore) ქარის ელექტროსადგურების ინფრასტრუქტურის მოწყობით არის დაკავებული.
რაც შეეხება პროექტის ინვესტორს, 2024 წლის მაისში მის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს პრეტენდენტად ჩინური კორპორაცია CCCC გამოვლინდა. პორტის საინჟინრო კონტრაქტორი პროექტს სწორედ CCCC-ის დაფინანსებით განახორციელებს. დღეს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ CCCC-ისთან მოლაპარაკებები გრძელდება და ის საბოლოოდ შესაძლოა ტენდერში გამარჯვებულად არც გამოვლინდეს.
China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება, რაც გაზრდის ტვირთნაკადს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გავლით. ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია.