მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CCCC არანაირად არაა შეზღუდული ეს პროექტი განახორციელოს - მინისტრის მოადგილე ანაკლიის ჩინელ ინვესტორზე

გურამ გურამიშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდება, რომელმაც სახელმწიფოს საბოლო საინვესტიციო წინადადება წარუდგინა. კომპანია ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კონგლომერატია. 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ ხელოვნური კუნძულების მშენებლობის პროცესში ჩართულობის გამო, სპეციალურ სიაში შეიყვანა და ამერიკულ კომპანიებს ნებართვის მოპოვების გარეშე მასთან გარიგებებსა და ოპერაციებში შესვლა შეუზღუდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი აცხადებს, რომ ეს არ წარმოადგენს აქტივების მაბლოკირებელ სანქციას, რომელიც კომპანიას საქართველოში პროექტების განხორციელებას შეუზღუდავდა. მისი თქმით, CCCC-ის მიმართ არ მოქმედებს არავითარი სანქცია, რაც კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობაში შეზღუდავდა.

"2020 წელს ამერიკის კომერციის დეპარტამენტმა ჩინური კომპანია, რომელიც არის ამ კონსორციუმის წამყვანი და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია შეიყვანა ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სიაში. რა არის ეს სპეციალური სია - ამერიკული კომპანიები ამავე დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროდან საჭიროებენ სპეციალურ ნებართვას თუ მათ სურთ სიაში არსებულ კომპანიებთან განახორციელონ გარკვეული ტრანზაქციები. ეს არის ექსპორტი, რეექსპორტი, შიდასახელმწიფოებრივი საქონლის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე გატანა. შესაბამისად, ამერიკული კომპანიებისთვის არსებობს დამატებითი სანებართვო ვალდებულებები ამ სიაში არსებულ კომპანიებთან ურთიერთობებისთვის და არა ამ სიაში არსებული კომპანიების დასანქცირება. შესაბამისად, ეს არ წარმოადგენს ამ კომპანიების აქტივების მაბლოკირებელ ზომას და არ ზღუდავს არანაირ ფინანსურ ტრანზაქციებს ჩინურ კომპანიებთან და მის შვილობილ კომპანიებთან. ის არ ზღუდავს სხვა პირებს შეიძინონ რაიმე სახის მომსახურება ან საქონელი იმ ჩინური კომპანიისგან რომელიც არის წამყვანი ამ კონსორციუმში და არც ასევე კონსორციუმში არსებული სხვა კომპანიებისგან,"- განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

რა არის ცნობილი კომპანია China Communication Construction Company Limited-ის შესახებ:

China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.

China Communication Construction Company Limited-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და მან 756 მილიარდ იუანს, ანუ $106 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგება 31 მილიარდი იუანი ($4.3 მილიარდი დოლარი) იყო, რაც 2022 წლის მოგებას 20%-ით აღემატებოდა. ჯგუფის აქტივები 236 მილიარდ დოლარს აღემატება.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ China Communication Construction Company Limited-ის შემადგენლობაში შედის სინგაპურში რეგისტრირებული კომპანია China Harbour Investment Pte, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი იქნება.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დასახელებული კიდევ ერთი კომპანია China Road and Bridge Corporation-ი, პროექტის საინჟინრო/სამშენებლო პარტნიორი იქნება. თავად აღნიშნული კომპანიაც China Communication Construction Company Limited-ის საკუთრებაშია. ამასთანავე, აღნიშნული კომპანია საქართველოში არაერთი წელია საქმიანობს და ის წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაში, ის რიკოთის უბისა-შორაპნის 13-კილომეტრიან მონაკვეთს აშენებს, რომლის ღირებულებაც 902 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები