შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ ანაკლიის პორტის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერს მეორედ აცხადებს.
როგორც ინტერესთა გამოხატვის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტენდერი მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით ხორციელდება.
საზედამხედველო მომსახურება მოიცავს ანაკლიის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ გასაწევი სამუშაოების ზედამხედველობას. აღსანიშნავია, რომ შესაბამის ტენდერში გამარჯვებული ბელგიურმა კომპანია Jan De Nul-ია, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია) სექტემბერში დაიწყო.
ინტერესთა გამოხატვის პირობების თანახმად, შერჩეული კანდიდატი შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" სახელით, ზედამხედველობას გაუწევს პროექტის განხორციელებას. თავდაპირველად ხელშეკრულება 970 დღეზე გაფორმდება, საჭიროების შემთხვევაში გახანგრძლივების პერპექტივით. პირობებში კონკრეტული ბიუჯეტი მოცემული არაა და აღნიშნულია, რომ გადახდები ყოველთვიურად განხორციელდება, წინასწარ შეთანხმებული სქემის თანახმად. კერძოდ, ყოველთვიურად, დამოუკიდებელმა ინჟინერმა უნდა წარადგინოს ინვოისი, რომელსაც თან უნდა ახლდეს ანგარიში პროექტის პროგრესის შესახებ.
ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადად 2024 წლის 4 დეკემბერია განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტენდერი შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა" სექტემბერშიც გამოაცხადა. თავდაპირველად, ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადა განსაზღვრული იყო 2024 წლის 30 აგვისტომდე, თუმცა 13 სექტემბრის ჩათვლით გადაიწია, რაც ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, დაინტერესებული კომპანიების თხოვნის საფუძველზე მოხდა, მათ მიერ უფრო სრულყოფილი წინადადებების წარმოსადგენად. საბოლოოდ, შესყიდვის პროცესი 27 სექტემბერს დასრულდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო ტენდერში მხოლოდ ორმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციების მოთხოვნებს არ შეესაბამება, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნების თანახმად, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა, მინიმუმ, ხუთი კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე კონსულტანტს შორის უნდა მოხდეს. შესაბამისად, უწყებამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვა და ინტერესთა გამოხატვის ხელახლა გამოცხადება.