მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები დაიწყო - რაზე მუშაობს ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი?

ანაკლიის პორტი

სექტემბერში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია) დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" ავრცელებს.

სახელმწიფომ კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა“ და ერთობლივ საწარმოს (JV JAN DE NUL – PRIME CONCRETE) შორის 2024 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

კომპანიის ცნობითვე, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ზღვის ფსკერის გეოლოგიური შესწავლა.

"სამშენებლო სამუშაოების საწყისი ეტაპი გულისხმობს მობილიზაციის ფაზას, კერძოდ, კონტრაქტორის მიერ განხორციელდება გარკვეული კვლევითი სამუშაოები და სამშენებლო ობიექტის/ბანაკის მოწყობა.

მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს:

•სამშენებლო ტერიტორიაზე ქვის ლოდების შეტანის მიზნით, შესაბამისი აქტივობები;

•სამშენებლო ბანაკის მოწყობის სამუშაოები;

•დროებითი სამუშაო სივრცეების (მ/შ საოფისე ფართების) მოწყობის სამუშაოები;

•ტერიტორიის შემოღობვა;

•გრუნტის ზედაპირის მოსწორება და სამიმოსვლო გზის მოწყობა;

•კომუნიკაციების შეყვანა (წყალი, ელექტროენერგია და სხვა).•ბეტონის ე.წ. "X-block” წარმოების პოლიგონის მოწყობა.

ასევე ჩატარდა ზღვის ფსკერის ბათიმეტრია (წყლის სიღრმის გაზომვა) და მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება გამარჯვებული ერთობლივი საწარმოს (JV JAN DE NUL - PRIME CONCRETE) მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორთან, საერთაშორისო ავტორიტეტულ საპროექტო/საინჟინრო კომპანია Royal HaskoningDHV ერთად", - აღნიშნულია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 2024 წლის 30 აგვისტოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიის შესარჩევი საერთაშორისო ტენდერის შედეგები გაასაჯაროვა. ტენდერში ბელგიურმა კომპანია Jan De Nul-მა გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მომდევნო წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. აღნიშნული თანხა საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დაიხარჯება, რისთვისაც წელს მთავრობამ Jan De Nul-ი დაიქირავა.

რაც შეეხება ინვესტორს, საქართველოს მთავრობამ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ პირვლემა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ კონსორციუმი ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა. ლევან დავითაშვილმა საკითხზე 27 სექტემბერს გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ჩინურ კონსორციუმთან მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის, ბევრ საკითხზე პოზიციები უკვე დაახლოვდა და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები მალე დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები