ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საზღვაო მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერა შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის მხრიდან Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის (უცხოური საწარმოს ფილიალი) დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.
ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
„იან დე ნული“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან შეირჩა. „იან დე ნული“ ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. „იან დე ნული“ ჯგუფის საქმიანობა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - მათ შორის ნავსადგურების მშენებლობა, სამოქალაქო მშენებლობა და გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება. კომპანიის ოპერირების გეოგრაფიული არეალებია: ევროპა, სპარსეთის ყურე, აზია, აფრიკა, ამერიკა, და სხვ.
აღსანიშნავია, რომ „იან დე ნულ“ ჯგუფის მიერ სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებულია ისეთი მსხვილი პროექტები, როგორებიცაა - პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, the Palm Jebel Ali - დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო.
რაც შეეხება პროექტის ინვესტორს, 2024 წლის მაისში, შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს პრეტენდენტად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) გამოვლინდა, თუმცა აგვისტოს დასაწყისში, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ის შესაძლოა, საბოლოოდ ტენდერში გამარჯვებულად არც გამოცხადდეს.
რას საქმიანობს კომპანია Jan De Nul-ი, რომელიც ანაკლიის პორტის ფსკერს დააღრმავებს