მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს - ვინ შეარჩია საქართველოს მთავრობამ პროექტის განსახორციელებლად

ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშოროსო კონკურსში, რომლის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა აღნიშნული კომპანია უკვე ჩაითვალოს კონკურსში გამარჯვებულად, დავითაშვილი პასუხობს, რომ ვინაიდან განაცხადი სრულყოფილად არის შევსებული, ეს კომპანია კონკურსში გამარჯვებულად ფაქტობრივად შეიძლება ჩაითვალოს.

"როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა - შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), რომლებსაც 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ მიცემული ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოდგენის ვადა.

20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა (China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore); (ქვეკონტრაქტორები - China Road and Bridge Corporation და -Qingdao Port International Co., Ltd).

პირველადი შეფასებით წინადადება სრულყოფილადაა წარმოდგენილი და დიდი შანსია, რომ კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადოს. ამისთვის რამდენიმე დაზუსტებაა საჭირო და ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად,"- განაცხადა ლევან დავითაშვილი.

BMG-იმ ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა თუ რა ინვესტიციების განხორციელებას მოიცავს აღნიშნული პროექტი, რაზეც ლევან დავითაშვილი პასუხობს, რომ პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონი დოლარია.

"ეს არის ანაკლიის პორტის განვითარების პირველი ფაზა, პირველი ფაზა მოიცავს ისეთი ნავმისადგომის მშენებლობას, რომლის გამტარიანობაც წლიურად 7 მილიონი ტონა ტვირთებისა და 600 ათასი კონტეინერის მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას. ეს არის პირველი ფაზა და მისი საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია,"- აცხადებს დავითაშვილი,

საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და საკონტროლო 51% პაკეტი მის მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სახელმწიფო ეძებდა ინვესტორს, რომელიც პორტში 49%-იანი წილის მფლობელი იქნება.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე დასჭირდება.

ეკონომიკის სამინისტრომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოო ფაზაზე მხოლოდ ორი ჰოლდინგი შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი გადავიდნენ 2023 წლის 22 სექტემბერს გაასაჯაროვა.

China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.

რაც შეეხება კომპანია China Harbour Investment Pte. Ltd-ს, აღნიშნული კომპანია დაკავშირებულია კომპანია China Harbour Engineering Company-სთან, რომელიც თავისმხრივ China Communication Construction Company Limited-ის შვილობილი კომპანიაა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში წინადადება სულ ოთხმა კომპანიამ/ჰოლდინგმა წარადგინა, რომელთაგან საბოლოოდ გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი შეირჩა.

  1. Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) (ლუქსემბურგი)
  2. China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური);
  3. China Construction Sixth Engineering Bureau Corp. Ltd. (ჩინეთი)
  4. Etgar-Al Engineering Ltd. (ისრაელი);

ამასთანავე, გრძელდება ორი საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი სახელმწიფოს წინააღმდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი ინვესტორის მხრიდან. ამ დავების ფარგლებში მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები