ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ჩინური კონსორციუმი CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოოდ გამარჯვებულად შესაძლოა არც დასახელდეს. ამის შესახებ მინისტრმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ CCCC ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან ორი თვის გასვლის შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ. ლევან დავითაშვილის თქმით, თუკი CCCC-ის საინვესტიციო წინადადება იქნება შესაბამისობაში სატენდერო მოთხოვნებთან, მაშინ ის გამარჯვებულად გამოვლინდება.
"მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევა. ჩვენ გამოვლენილი გვყავს ერთი პრეტენდენტი, რომელთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და საინვესტიციო წინადადების გამოკვეთა. გრძელდება მოლაპარაკებები პრეტენდენტ კომპანიასთან და ვფიქრობ გეგმაზომიერად მიმდინარეობს ეს პროცესი და შევარჩევთ.
ერთი პრეტენდენტი გამოვლინდა, თუმცა გამარჯვებულად არ დასახელებულა, გამარჯვებულად ის გამოცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები, რომლებიც დასაზუსტებელია, იქნება სატენდერო პირობებთან შესაბამისობაში იქიდან გამომდინარე, რომ გამოვაცხადოთ ეს კონსორციუმი გამარჯვებულად", - განაცხადა მინისტრმა.
ხოლო ჩაკითხვაზე - შესაძლოა არც გამოცხადდეს CCCC გამარჯვებულად, დავითაშვილმა აღნიშნა:
"რა თქმა უნდა, შესაძლოა, რომ არც გამოცხადდეს, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ დიალოგის პროცესში მოხდება წინადადების შესაბამისობაში მოყვანა საკონკურსო პირობებთან. ამისთვის ჩვენ ვადები არ გვაქვს შეზღუდული, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ საკონსულტაციო კომპანიასთან. ისინი სწავლობენ წინადადებას, მივიღებთ კონსულტანტების მოსაზრებებს და მათი კონსორციუმთან გაზიარების შემდეგ მოხდება პირობების დაზუსტება,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი 2024 წლის მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო.
პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.
პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო გემები 2029 წელს უნდა შევიდნენ, პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ის წლიურად 600,000 კონტეინერის გამტარიანობის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ CCCC ამერიკული სანქციების ქვეშაა. კერძოდ, 2021 წლის ივნისიდან ჩინური კონსორციუმის წამყვან კომპანიას China Communications Construction Company Limited (CCCC) აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული. ის აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) კონსოლიდირებული სანქციების (Non-SDN) სიაშია შეყვანილი ჩინური სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნაწილად ყოფნის გამო. ამ სიაში შეყვანილ კომპანიებს არ ეზღუდებათ აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციები, მაგრამ გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარებიან. აშშ-ის ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, თუ ამერიკულ კომპანიებს სურთ აღნიშნულ სიაში შემავალ კომპანიებთან ტრანზაქციების განხორციელება გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე, მთავრობისგან ნებართვა უნდა მოიპოვონ. ეს ნიშნავს, რომ CCCC-თან თანამშრომლობით საქართველო არ არღვევს სანქციების რეჟიმს, თუმცა Non-SDN სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიას ეკრძალება ამერიკული წარმოების კომპონენტების შეძენა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი აცხადებს, რომ ეს არ წარმოადგენს აქტივების მაბლოკირებელ სანქციას, რომელიც კომპანიას საქართველოში პროექტების განხორციელებას შეუზღუდავდა. მისი თქმით, CCCC-ის მიმართ არ მოქმედებს არავითარი სანქცია, რაც კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობაში შეზღუდავდა.