საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გახსნა, რომელსაც რეგიონის ქვეყნების მთავრობის წევრები და საერთაშორისო ბიზნესების წარმომადგენლები ესწრებიან. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთავრობა ავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომელსაც ყველა ფაზის დასრულების შემდეგ წლიურად 100 მლნ ტონა ტვირთების მიღება შეეძლება.
“ჩვენი მთავრობა ახორციელებს მსხვილ ინვესტიციებს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვენ ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის პრიორიტეტი ჩვენთვის, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის და ეს ახალი PPP პროექტი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება და ის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იქნება. განვითარების ყველა ფაზის დასრულების შემდეგ ანაკლიის პორტს უნდა შეეძლოს წლიურად 100 მილიონი ტონა ტვირთის გატარება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებმა 2022 წლის განმავლობაში 12.4 მილიონი ტონა ტვირთი გაატარეს, შესაბამისად ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება 100 მილიონ ტონაზე ტვირთნაკადის 8-ჯერ ზრდას ნიშნავს.
სექტემბერში პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის გამოცხადებული შერჩევის ფარგლებში საბოლოო ეტაპზე ორი კონსორციუმი გადავიდა. მათგან ერთი სინგაპურულ-ჩინური ჰოლდინგი, ხოლო მეორე ლუქსემბურგულ-შვეიცარული კომპანიაა. თუმცა, კონფიდენციალობის შეთანხმების გამო, ამ ფირმების სახელები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. სახელმწიფო მოელის, რომ ანაკლიის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 589 მილიონ დოლარამდე იქნება.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 26-27 ოქტომბერს იმართება და მას 60-მდე ქვეყნის 2,000 დელეგატი ესწრება.