მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის პორტის პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს“ - მთავრობა

63d513328aa5b
თელარა გელანტია
28.01.23 16:19
943
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, „ანაკლიის პროექტის ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი მზად არის და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს“.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა და მათ შორის საუბარი შეეხო ანაკლიის პორტს.

„პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და მოადგილეებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განიხილა, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია და რომელსაც სახელმწიფო კერძო ინვესტორთან ერთად ააშენებს.

აღინიშნა, რომ კონსორციუმის 51% სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება, 49%- ზე კი, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. პროექტის ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი მზად არის და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის პირველმა ფაზამ წელიწადში 7,8 მილიონ ტონა გამტარიანობას უნდა მიაღწიოს“, - წერია გავრცელებულ პრესრელიზში.

როდის გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი, ამ დრომდე უცნობია. 2022 წლის ბოლოს მთავრობა აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტისთვის ინვესტორების მოსაზიდად ტენდერს 2023 წლის იანვრის ბოლომდე გამოაცხადებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები