ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი წნეხის დამსახურებით გაიხსნა, - განაცხადა, IPN-ის ინფორმაციით, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა.
მისივე თქმით, ექს-პრემიერი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.
„სიმართლე გითხრათ, გახსნასთან დაკავშირებით ლოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ჩვენ გასულ სხდომაზეც კატეგორიულად არ ვეთანხმებოდით დახურვას. ვფიქრობ, საზოგადოებრივმა წნეხმა გამოიწვია ეს შედეგი, რაც დღეს მივიღეთ და სხდომა გაიხსნა”, - განაცხადა ადვოკატმა და იქვე დასძინა, რომ "სამართლიანი სასამართლოს პირობებში ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი".
"მე ვერ გეტყვით, რა შეიცვალა, - ამას ალბათ, შემდეგი სხდომები გვიჩვენებს. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ეს სასამართლო პროცესები შედეგს მოიტანს და სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი",- განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.
თავის მხრივ, საქმის პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პროცესების გახსნის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.
„სასამართლომ განაცხადა, რომ საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნია, აღნიშნული პროცესი გაგრძელებულიყო საჯარო რეჟიმში. შესაბამისად, ეს იყო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აქ მხარეებს პროტესტი არ გამოუთქვამთ. ამ ეტაპზე სასამართლო სხდომები არის სრულად საჯარო, მომავალში თუ იქნება იმის ალბათობა, რომ შესაძლებელია მსგავსი სახის [საიდუმლოების შემცველ მასალები, საიდუმლო ინფორმაციის გაჟღერება მოწმეების დაკითხვისას] ინფორმაცია გაჟღერდეს, შეიძლება, სასამართლომ მიიჩნიოს, რომ აუცილებელია ნაწილობრივ ან სრულად დახურვა, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის“, - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ექს-პრემიერი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
























