ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის და და ამავე დროს მისი ადვოკატი ნათია თამაზაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი ახალ ბრალს არც აღიარებს და არც ხელს აწერს მას. ამის შესახებ მან ტვ პირველთან განაცხადა.
„ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს სრულად პოლიტიკური პროცესია. ირაკლი ღარიბაშვილის დღეს პოლიტიკური პატიმარია. ვის ინტერესებში შედის [ახალი ბრალდება] ვერ გეტყვით. არალოგიკურია მიმდინარე პროცესები და არარსებულ ბრალზეა საუბარი. ირაკლი დღეს პოლიტიკური დევნილია.
ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ ქრთამზე არ არის საუბარი. ირაკლიმ არც აღიარა და ხელიც არ მოაწერა ამ ბრალდებას და ბუნებრივია, მიმდინარეობის პერიოდში ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა ნათია თამაზაშვილმა და დასძინა, რომ ვინ ვინ გაწირა აუცილებლად გაირკვევა.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე ახალი ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, საქმე თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებს და ამ პროცესის შედეგად ირაკლი ღარიბაშვილისთვის 750 000 ლარის ქრთამის გადაცემას ეხება.
პროკურატურის ვერსიით, ქრთამის თანხა ყოფილ პრემიერ-მინისტრამდე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გავლით მივიდა. გამოძიების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვებისას კონკურენტული გარემო ხელოვნურად შეიზღუდა, რამაც სახელმწიფოსთვის საქონლის რეალურ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად მაღალი ფასის გადახდა გამოიწვია.
ამჟამად ირაკლი ღარიბაშვილი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან სასჯელს იხდის. ახალი ბრალდება კი, პროკურატურის მიერ მითითებული კვალიფიკაციით, 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























