მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ ანაკლიის პროექტი სათანადო ვადებში განხორციელდეს - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ სათანადო ვადებში განხორციელდეს ანაკლიის პროექტი. აღსანიშნავია, რომ დღეს გახდა ცნობილი კომპანია, რომელიც უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს შეასრულებს. საუბარია ბელგიურ კომპანია Jan De Nul-ზე.

"ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, Jan De Nul-ი, რომელიც ძალიან მალე შეუდგება მუშაობას. ჩვენთვის ანაკლიის პროექტის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის და შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განსაკუთრებული გამოკვეთისთვის. ყველაფერი გაკეთდება ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად“, - განაცხადა პრემიერმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ოთხი კომპანიიდან ტენდერში სამმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მათგანი ევროპული იყო და უწყების განცხადებით, მათ აღნიშნულ საქმიანობაში საუკეთესო საერთაშორისო რეპუტაცია აქვთ.

"ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა და მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა, დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში, გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვა,"- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება პროექტის ინვესტორს, 2024 წლის მაისში პროექტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს პრეტენდენტად ჩინური კორპორაცია CCCC გამოვლინდა. პორტის საინჟინრო კონტრაქტორი პროექტს სწორედ CCCC-ის დაფინანსებით განახორციელებს.

China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება, რაც გაზრდის ტვირთნაკადს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გავლით. ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები