ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ივნისიდან დაიწყება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პორტს, რომელიც მთავრობის უშუალო თანამონაწილეობით შენდება მაისის ბოლოსთვის ეყოლება კომპანია, რომელიც სამუშაოებს სათავეში ჩაუდგება.
„ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის უკვე სავარაუდოდ, გამოვლინდება კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
როგორც მოგეხსენებათ, უშუალოდ მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ამ სფეროში, ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით. შესაბამისად, არა მხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან ვგეგმავთ უკვე კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
დამაზუსტებელ კითხვაზე პრემიერი ამბობს, რომ ახლა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„პროცედურები დაიწყება მარტში. მარტი, აპრილი, მაისი დასჭირდება ტენდერის დასრულებას. მაისის ბოლოსთვის უკვე ტენდერის პროცედურა იქნება დასრულებული, ივნისიდან იქნება შესაძლებელი სამუშაოების დაწყება. ეს არის მკაფიო გეგმა, რომელიც აქვს მთავრობას და ამ გეგმას რა თქმა უნდა გავყვებით“, - აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკონსულტაციო კომპანიამ უკვე მოამზადა სატენდერო ბადე და ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.