მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება - მინისტრი

ანაკლია

ანაკლიის პორტის მშენებლობის საკონსულტაციო კომპანიამ უკვე მოამზადა სატენდერო ბადე და ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება, - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა.

bm.ge-სთან ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ საუბარია საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტენდერზე, რაც გულისხმობს ფსკერის დაღრმავებას და სხვა სამუშაოებს.

"მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. იმისთვის, რომ პროცესები დაგვეჩქარებინა, ჩვენ გვყავს დაქირავებული საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის კომპანია, რომელიც ჩვენ გვიწევდა დახმარებას ტექნოლოგიურ ნაწილში. ამ ეტაპზე მომზადდა HAEDES-სთან ერთად სატენდერო წინადადება ბადესთან ერთად, ეს არის ბელგიური წამყვანი კომპანია.

ახლა, უკვე ჩვენ ვიწყებთ სამშენებლო კონკურსის გამოცხადებას, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში გამოცხადდება. მოსამზადებელი სამუშაო 2023 წელს 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბოლო დეტალები დაზუსტდა და მთავრობის ბოლო სხდომაზეც შევათანხმეთ საბოლოო დეტალები. უახლოეს ხანებში მოხდება კომპანიის შერჩევა, რომელიც დაიწყებს საზღვაო ინფრასტრუქტურაზე მუშაობას.

პარალელურად, მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. აქაც გვყავს 2 საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ჩართული. ახლა ჩვენ ვართ უკვე წინადადების მიღების ეტაპზე გადასული. შარშან იყო ინტერესთა გამოხატვა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და ჩვენ, ორი მაღალი კვალიფიკაციის პრეტენდენტი მივიღეთ და ახლა, ორ კონსორციუმთან მიდის მუშაობა. იცით, რომ ორივე კომპანიის თხოვნა იყო ვადების გახანგრძლივება, რადგან დოკუმენტაციის მომზადებისთვის მეტი დრო სჭირდებოდათ. ვადები გახანგრძლივებულია მაისის ბოლომდე. პორტის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება", - განაცხადა მინისტრმა მედიასთან.

დავითაშვილმა არ უპასუხა შეკითხვას, რა მოცულობის ინვესტიციაა მოსამზადებელ სამუშაოებში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტების განხორციელებას, ინვესტორის გამოვლენამდე არ აპირებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანმა Bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები