მთავრობა ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის პროექტების განხორციელებას, ინვესტორის გამოვლენამდე არ აპირებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანმა Bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, როდის დაიწყება ანაკლიამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ ჯერ ინვესტორი უნდა გამოვლინდეს. სხვა მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან არსებობს მზაობა და არანაირი დაყოვნება არ იქნება
"ველოდებით, როდის იქნება გამოვლენილი გამარჯვებული. იმისთვის, რომ მასთან გავლილი იყოს ის პროექტი, რომელიც უკვე მომზადებულია. ჩვენი, სამინისტროს ვალდებულება მთავრობის მხრიდან გზის უზრუნველყოფაა. მისი ტრაექტორიის გათვალისწინებით, როცა ინვესტორისთვის იქნება მისაღები, ამის მიხედვით დავიწყებთ.ჩვენი მხრიდან მზაობა არის და არანაირი დაყოვნება არ იქნება, არც შერჩევის და არც განხორციელების კუთხით," - განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, როდის დასრულდება შერჩევის პროცესი.
ცნობისთვის, ანაკლიის პორტის პროექტის შესასრულებლად სახელმწიფო კომპანია უკვე დაფუძნდა. შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ მიმდინარე წლის 17 აპრილს არის რეგისტრირებული. როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებდა, სახელმწიფო კომპანიამ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლება უნდა უზრუნველყოს. შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გასულ თვეში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი თამარ იოსელიანი დაინიშნა.
ანაკლიის პორტის პროექტზე მიმდინარე ინტერესთა გამოხატვის პარალელურად, გრძელდება ორი საარბიტრაჟო დავა პროექტის წინა ინვესტორთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, რომელიც მიუთითებს, რომ მთავრობის დესტრუქციული ქმედებების გამო მათ პროექტის განვითარების შესაძლებლობა წაერთვათ.