კობახიძე ირწმუნება, რომ ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრისას სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო სანქციებზე.
სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ელემენტარული ეტიკეტის საკითხია, როდესაც დასავლელი მაღალჩინოსანი, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სანქციებზე საუბრობს.
"სანქციები ნახსენები არ იყო არავითარი ფორმით, თუმცა ვისაუბრეთ არაფორმალურ სანქციებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიმართ ისედაც მოქმედებს. როცა განცხადება უნდა გაკეთდეს შემდეგ, ყოველთვის ჯობია რომ 2:30 საათიან შეხვედრაზე რაიმე მინიშნება მაინც მოგცენ ამის შესახებ. ეს ეტიკეტის საქმეა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი საქმე, მაგრამ აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებზე. თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ პირობებში ასეთი არასერიოზული თემების წამოწევა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიენმა თქვა, რომ გაოცებულია იმით, რომ ისეთ გავლენიან ადამიანს, როგორიც ივანიშვილია ასეთი არასწორი ინფორმაცია აქვს სანქცირებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ივანიშვილი სანქცირებული არ არის.