მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტორებს სჭირდებათ ზრუნვა“ - ინტერვიუ იციკ მოშესთან

6104162a824ef
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.21 19:30
825
2021 წელი გასულ წელთან შედარებით ეპიდემიოლოგიურად შედარებით მართვადი აღმოჩნდა და ქვეყნის ეკონომიკამაც აღდგენა დაიწყო. გაიხსნა საზღვრები, ამოქმედდა ტურიზმის ინდუსტრია და დღის წესრიგში ბიზნესშეხვედრებისა და ფორუმების გამართვის საკითხიც დადგა. ერთ-ერთი ასეთი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ ორგანიზებული ივლისის ბოლოს დაგეგმილი ბიზნეს ფორუმი იყო, თუმცა ქვეყანაში დამძიმებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ისრაელის მიერ საქართველოს „წითელი“ ქვეყნების სიაში შეყვანის გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და ორგანიზაცია „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელ იციკ მოშეს თქმით, ისრაელის კვირეულზე, რომლის გამართვა საქართველოში იგეგმებოდა, ჩამოსვლას 150 საქმიანია ადამიანი აპირებდა. ინვესტიციების მოზიდვა, პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზიანებული ტურიზმის სექტორის აღდგენა, ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოებების ხელშეწყობა - ამ და სხვა საკითხთან დაკავშირებით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატას ფორუმზე სხვადასხვა პროექტები უნდა წარედგინა, რაც ქვეყნების ეკონომიკური კავშირებს გააღრმავებას ისახავდა მიზნად.

BMG-მ ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელი ჯერ კიდევ მაშინ ჩაწერა, სანამ ისრაელი საქართველოს „წითელი ქვეყნების“ სიაში შეიყვანდა და ამის გამო ბიზნესფორუმის ჩატარებაც გადაიდებოდა. მიუხედავად ამისა, იციკ მოშემ ის პროექტები და გეგმები გაგვიზიარა, რომელიც ისრაელი-საქართველოს კავშირებს კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს:

- სამწუხაროდ, საუბრის დაწყება ივლისის დასაწყისში საქართველოში განვითარებული მოვლენების შეფასებით გვიწევს. როგორ მოქმედებს არსებული დაძაბული მდგომარეობა საქართველო-ისრაელის ბიზნესურთიერთობებზე და რა გავლენას ახდენს ინვესტორებზე?

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ აქტიური ორგანიზაციებია. ჩვენ არ ვისახავთ მიზნად და არ ვსაუბრობთ რატომ ვერ კეთდება საქმე, ჩვენ ვსაუბრობთ - როგორ შეიძლება გავაკეთოთ საქმე და როგორ შეიძლება ვიაქტიუროთ. მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში დღეს კრიზისია, ამიტომ ვსაუბრობთ თუ როგორ უნდა დავუჭიროთ უფრო მეტად მხარი ინვესტორებს, უფრო მეტად მოვაგვაროთ არსებული პრობლემები და უფრო მეტი ინიციატივა შევთავაზოთ მათ. ასეთ მდგომარეობაში ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ ერთი ხელით გავაძლიეროთ ურთიერთობები, რომელიც ჩვენ 25-30 წლის წინ საქართველოსა და მსოფლიო ებრაელობას შორის კავშირებით გაღრმავებისთვის დავიწყეთ. მეორე ხელით კი უნდა მიმდინარე პრობლემებს მივხედოთ.

- არსებული მდგომარეობა გარკვეულწილად მოქმედებს ბიზნეს წრეების განწყობებზე. ორმხრივი ურთიერთობებში თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ და როგორ შეიძლება შეაფასოთ დღევანდელი მდგომარეობის გავლენა ბიზნესზე?

ინვესტორებზე ძალიან ბევრი რამ მოქმედებს. შეიძლება იმანაც იმოქმედოს, რომ მზე ზედმეტად ანათებდეს ან წვიმა მეტად მოდიოდეს. ჩვენ ვსაუბრობთ გამოსავალზე, რაც უფრო მეტ აქტიურობას გულისხმობს. ძნელია ამ პერიოდში პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ძალიან მალე საქართველოში ჩატარდება ბიზნესფორუმი, რომელზეც ისრაელიდან ინვესტორების ახალი ტალღა ჩამოვა. პატარა ქვეყნებს პრობლემების დროს გაჩერების ფუფუნება არ გვაქვს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს კავშირები ეკონომიკაში, ტურიზმსა და სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ამასთან ერთად იგივე ემოციითა და ძალებით მივხედოთ ყველა პრობლემას, რომელიც არის. ყოველთვის შეგვიძლია ვისაუბროთ პოტენციალზე, რომელიც დიდია. რომ შევხედოთ რა იყოს 30 წლის წინ და რა ხდება დღეს ამას მივხვდებით, თუმცა ჩვენ საუბარი მთავრობების სახელით რა, როგორ უნდა გააკეთონ, როგორი პოლიტიკა და სურვილები ექნება ხელისუფლებებს, ამაში ჩარევა არ შეგვიძლია.

- თქვენ ყოველთვის ამბობთ, რომ მესამე სექტორს სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხში დიდი როლი უკავია და ეს ბიზნესფორუმიც ამის დასტური უნდა ყოფილიყო. რა მიზანი აქვს ამ ფორუმს და რა იგეგმება მის ფარგლებში? ასევე ვიცით, რომ ფორუმზე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის 25-წლიანი სამუშაო გამოცდილების შეჯამება უნდა მოხდეს. შეგვიფასეთ თქვენი გამოცდილება?

რადგან ბიზნესორგანიზაცია ვართ სტატისტიკაზე ან ისტორიაზე ნაკლებად ვისაუბრებ, მაგრამ მინდა რამდენიმე საკითხი აღვნიშნო. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 25 წლის წინ ისრაელიდან საქართველოში ჩამოსასვლელად ხუთი დღე იყო საჭირო - თელ ავივი- ვენა, ვენა - მოსკოვი, მოსკოვი - თბილისი. დღეს, პანდემიის პერიოდში საქართველოში დღეში ხუთი ავიარეისი ჩამოდის, ეს უდიდესი წინსვლაა.

1999 წელს ისრაელში საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა გავხსენით, სადაც საქართველოში ტურისტების ჩამოყვანისთვის პირველი ნაბიჯები გადავდგით, ამავე დროს ისრაელში საქართველოზე პირველი სტატიები დაიწერა. იმ პერიოდში ჩემი განაცხადი, რომ ისრაელიდან საქართველოში ერთი რეგულარული რეისი შესრულდებოდა, სასაცილო იყო, დღეს კი ვხედავთ, რომ არამხოლოდ ხუთი, არამედ დღიურად 10-15 რეისი შეიძლება განხორციელდეს.

2019 წელს ისრაელიდან საქართველოში 205 000 ტურისტი ჩამოვიდა. ივნისის მონაცემებს თუ შევხედავთ, 2019 წლის ივნისთან შედარებით, ვარდნა მხოლოდ 23%-იანია და პოტენციალი საკმაოდ დიდია. დღეს ვაცხადებ, რომ ისრაელიდან საქართველოში შესაძლებელია 500 000 ტურისტი ჩამოვიდეს, რაც საქართველოს ეკონომიკაში კონტრიბუციის სახით 0.5 მლრდ დოლარის შემომტანია, ამიტომ ამ მიმართულებით ორივე მხარეს უნდა ვიმუშაოთ. მაგალითისთვის გვაქვს ბილატერალური ტურიზმის პროექტი, რაც არამხოლოდ ისრაელიდან საქართველოში ტურისტების ჩასვლას, არამედ პირიქით საქართველოდან ისრაელში ვიზიტორების უპრობლემოდ შესვლას მოიცავს. 32 წელია ვმუშაობ აღმოსავლეთ ევროპაში და ვიცით, როგორ შეიძლება საქართველოდან ისრაელში ტურიზმი გაძლიერდეს. ქართველმა, რომელიც აეროპორტში ჩადის, თავი ღირსეულად უნდა იგრძნოს და 5 წუთში შევიდეს საზღვარზე. გვაქვს მეთოდი - როგორ შეიძლება საქართველოდან ისრაელში ჩავიდეს ტურისტი და საზღვარზე 3-5 საათიანი ლოდინი არ მოუწიოს, ამ მეთოდს ისრაელში ტურიზმის მინისტრს წარვუდგენთ. ეს აქტუალური არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც იქნება.

რაც შეეხება ინვესტიციებს, ამ კუთხით, ისრაელში უდიდესი პოტენციალია. ისრაელიდან აღმოსავლეთ ევროპაში 10 მლრდ დოლარია გასული. საქართველოში მარტივად შეიძლება მივაღწიოთ ნიშნულს, რომელიც ისრაელიდან ქვეყნის ეკონომიკაში მინიმუმ 100 მლნ დოლარის ინვესტიციაა. როგორ შეიძლება ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება ამასაც ბიზნეს ფორუმზე წარმოვადგენთ. არსებობს გამოთქმა - იმისთვის, რომ დაგეგმო რეალური გეგმები, უნდა ჩაიხედოს სარკეში, თუ დაინახავ, რომ რაღაც არ მოგწონს, ეს მხოლოდ შენს თავს უნდა დააბრალო. უნდა დაგეგმო რეალური გეგმა - რა შეიძლება გაკეთდეს ქვეყნებს შორის, როგორ შეიძლება საქართველო-ისრაელს შორის არსებული ხიდის გაძლიერება. ჩვენი ხედვით საქართველო-ისრაელის ურთიერთობები ეს მხოლოდ რიცხვები და ეკონომიკა არ არის, ეს არის ორი მეგობარი ქვეყნის ძლიერი ხიდი. ჩვენ წარმოვადგენთ არამხოლოდ გეგმას, როგორ შეიძლება ინვესტიციების გაძლიერება, არამედ იმ პროექტებს, რომელსაც საქართველოს მთავრობიდან ზრუნვა ესაჭიროებათ. უდიდეს მხარდაჭერას ველით, რადგან ეს არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ ისრაელიდან საქართველოში ინვესტიციები გაძლიერდეს, აუცილებელია არსებული პრობლემების მოგვარება. ამასთან, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების ახალ გეგმას წარმოვადგენთ, რომლის მსგავსი ისრაელის მთავრობას, სხვა სფეროში წარვუდგინეთ. ეს 100 საპატიო კონსულის პროექტია, რომელიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას ფინანსური დანახარჯების გარეშე გულისხმობს.

საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობებს რაც შეეხება, დღემდე რიცხვები ძალიან დაბალია და ბრუნვა, დაახლოებით, 30-40 მლნ დოლარია, ამას მუშაობა სჭირდება. ბიზნესპალატამ ისრაელში სულ ახალი პროდუქტის ექსპორტზე გატანისთვის მუშაობა დაიწყო, მაგალითად წლის დასაწყისიდან ერთ-ერთი სოფლიდან დღემდე საქართველოდან 30 კონტეინერი სოფლის მეურნეობის პროდუქცია ქაშერი - ორგანული პროდუქტი აშშ-სა და ისრაელში გავიდა, ხოლო ოქტომბერში საქართველოდან ისრაელში მაღალი ხარისხის - ქაშერი ღვინო ისრაელში გავა. იმპორტ-ექსპორტის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია ორივე ქვეყანამ მუშაობა ისწავლოს. ისრაელმა დიდ ქვეყნებში კარგი მუშაობა იცის, პატარა ქვეყნებში სხვა ტიპის, სხვა ფორმატის მუშაობაა საჭირო და მჯერა, ისრაელს საქართველოში უფრო მეტი ექსპორტის განხორციელება შეუძლია, რადგან ისრაელური პროდუქტი ხარისხით ევროპულია, ფასით კი თურქულზე უფრო მაღალი. ისრაელის პროდუქციას საქართველოში თავისი ადგილის დაკავება შეუძლია და პირიქით.

დღემდე ბიზნესფორუმის თარიღი ორი რამის გამო არ დაგვისახელებია. ერთია ის, რომ არ ვიცით გამოცხადდება თუ არა საქართველო წითელ ქვეყნად, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება სოციალურ ქსელში რამდენიმე მისამართით და ფორუმზე დასწრებას 150-მდე ადამიანი აპირებდა, მათ შორის წამყვანი საზოგადო მოღვაწეები, პრესა, ინვესტორები, მშენებლები, ადამიანები, რომლებსაც მუშაობა ჰაიტექ სფეროში უნდათ, ე.ი. პოტენციალი ძალიან დიდია. უნდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ინვესტიციები მთავარი საზომი არ არის. მთავარი ექსპორტია, ინვესტიციები კი საშუალებაა, რომ რაც შეიძლება მეტი ექსპორტი გაკეთდეს და ქვეყანაში ინვესტიციები გაძლიერდეს.

ბიზნესფორუმზე ერთ-ერთი ახალი მიმართულების წარდგენაც გვინდოდა, რომელიც ევროსაბჭოსთან ერთად დავიწყეთ - ეს ებრაული-კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტია, რომელიც ისრაელისთვის და ევროპის ებრაელობისთვისაა საინტერესო. ახალი მიმართულების წარმოსაჩენად მსოფლიოდან და ისრაელიდან 40 სააგენტო ჩამოვიყვანეთ. თბილისის მერიასთან დავიწყეთ მუშაობა იმაზე თუ როგორ შეიძლება გაკეთდეს ეს მარშრუტი. ეს სულ ახალი ტალღა და სეგმენტი იქნება, რომელიც დღემდე საქართველოში არ ჩამოსულა. კიდევ ერთი ჩვენი პროექტი მაღალი კულტურის ტურიზმია. მაგალითად უნდა იცოდეთ, რომ ის ტურისტები, რომლებიც ლონდონში ოპერის სანახავად ჩადიან და სამშობლოში ბრუნდებიან, დღეს საქართველოში არ სტუმრობენ. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა შეგვიძლია. ამის უდიდესი პოტენციალია. ადამიანები საქართველოში შეიძლება ჩამოვიდნენ ოპერის, ბალეტის და თეატრის სანახავად.

- აქედან გამომდინარე, რამდენად სწრაფად შეგვიძლია ტურიზმში პანდემიამდელ ნიშნულს დავუბრუნდეთ და ის რიცხვს მივაღწიოთ, რომელიც თქვენ დაასახელეთ - ვიზიტორების 200 000-დან 500 000-მდე გაზრდა?

ჩვენ მხოლოდ თეორეტიკოსები და ანალიტიკოსები არ ვართ, შესაბამისად, ჩვენი გამოცდილებით ტურიზმში 2019 წლის მაჩვენებელზე დაბრუნება მიმდინარე წელსაც შეიძლება. ეს შეიძლება არ იყოს 205 000 ვიზიტორი და იყოს 180 000, მაგრამ ეს აღდგენას ნიშნავს. ტემპი დამოკიდებულია მხარეებზე, მათ თუ უნდათ მომავალ წელს შეიძლება ინვესტიციები გაორმაგდეს, ტურიზმიც გაორმაგდეს.

- რა აინტერესებთ ისრაელელ ტურისტებს - ინფრასტრუქტურული გამართულობა, სერვისების ხარისხი თუ ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნება?


მსოფლიოში მილიარდობით ტურისტია და საქართველოს მხარეზეა დამოკიდებული რით დააინტერესებს მათ. რომელიმე მოქალაქეს ინვესტიციაში ან ტურიზმში არანაირი ინტერესი არ აქვს, მათი დაინტერესება ქართულ მხარეზეა დამოკიდებული. საქართველოს შეუძლია მოიზიდოს ტურისტი იმისთვის, რომ ჩამოვიდეს და ნახოს ბალეტი, ან შეუძლია მოიზიდოს ტურისტი იმისთვის, რომ რომელიმე სინაგოგაში წავიდეს ან კარგი საკვები მიიღოს, ეს საქართველოს პოლიტიკიდან უნდა გამომდინარეობდეს.

- საქართველოში ისრაელიდან ინვესტიციების 80% საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის გავლით შემოვიდა და დღეს ისრაელური ინვესტიცია ეკონომიკის სხვადასხვა დარგში გვხვდება. წლების შემდეგ როგორია ინვესტორთა დაინტერესება საქართველოთი და შეცვალა თუ არა მათი დამოკიდებულება პანდემიამ?

ინვესტორებს ის დაინტერესება აქვთ, რითიც საქართველო დააინტერესებს. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ისრაელიდან ინვესტორები საქართველოში ჩამოვიდნენ. განწყობა კარგია. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ისრაელელი ინვესტორები დაცულები არიან. პრობლემების მოგვარება - ეს უდიდესი მესიჯია, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა კრიზისების დროს ენიჭება. გასაგებია, რომ კრიზისი ახლა ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ კრიზისების დროს ორმაგი ენერგია უნდა ჩაიდოს ინვესტორები დარწმუნებაში, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ინვესტორებს ელოდებიან.

- ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდით იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოში არსებობდა. დღეს რა გზის გავლა უწევთ ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის დაწყებისას და რა არის გამოსასწორებელი?

საქართველო თავისი დადებითი მხარეებითა და პრობლემებით პატარა ქვეყანაა და აქ, ჩემი აზრით, ინვესტორების მიმართ უფრო მეტი ყურადღება და მხარდაჭერა უნდა იყოს. ამაში დამატებით ფულს არ ვგულისხმობ, ეს უფრო მეტი ცოდნაა. ინვესტორების მიმართ მხარდაჭერა, ეს შეიძლება იყოს სატელეფონო საუბარი, შეხვედრა, პრობლემების მოგვარება, ისრაელიდან ინვესტიციებს გააძლიერებს. როდესაც ქვეყანაში ინვესტორები შემოდიან იბადება შეგრძნება, რომ საქართველოში ინვესტორების რიგია. ეს არ არის მართალი. ინვესტორებს ესაჭიროებათ ზრუნვა, როგორც ყვავილს სჭირდება ისე. ჩვენ არ ვიცით პრობლემების გამო რამდენი ახალი ინვესტორი არ შემოდის ქვეყანაში. მე ვიცი ყოველი პრობლემა რამდენ ინვესტორზე მოქმედებს, ამიტომ ერთი ინვესტორის მიხედვა, ან პრობლემის მოგვარება ეს საქართველოს მხრიდან ჩადებული უდიდესი ენერგიაა, რათა 10 ახალი ინვესტორი ჩამოიყვანოს საქართველოში. პრობლემა ფულსა და ინვესტორებში არ არის, პრობლემა იმაშია, რამდენად შევძლებთ არსებულ ინვესტორებს მივხედოთ და მხარი დავუჭიროთ, რომ თავად ეს ინვესტორები, რომლებიც საქართველოში არიან ისრაელში საქართველოს ელჩები გახდნენ. ებრაელებმა ისრაელიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 500 მლნ დოლარი შემოიტანეს. ამ თანხებს განვითარება სჭირდება. 0.5 მლრდ დოლარი დამატებით 1 მლრდ დოლარს შემოიტანს. ამიტომ ჩვენ ერთი მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, მივხედოთ იმ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში არიან და ჩავატაროთ ბიზნესფორუმები, რომლებიც ამ კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

- გრძნობთ თუ არა საჭირო პირობების შექმნის სურვილს ხელისუფლების მხრიდან და რას ურჩევდით საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ამ რთულ პერიოდში სწორედ საქართველოში მოიზიდონ ინვესტიციები?

ჩვენ თუ ჩავატარებთ ბიზნეს ფორუმს და ისრაელიდან საქართველოში 150 ადამიანი ჩამოვა, ეს ეს დიდი მესიჯი იქნება, რომელიც ჩვენს პოტენციალზე მეტყველებს, მეორე იმაზე რომ პანდემიის პერიოდში 150 ბიზნესმენის ჩამოყვანა საქართველოში ეს უდიდესი მესიჯია, რომ ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ჩვენ მუშაობაში შეგვიძლია ცხენი მდინარემდე მოვიყვანოთ, წყალს დალევს თუ ამ წყალს დაალევინებენ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ყველა მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მზად ვართ.

- რა რეკომენდაციას მისცემთ ხელისუფლებას იმისთვის, რომ მდინარემდე მოყვანილმა ცხენმა წყალი დალიოს?

უფრო მეტად გაიცნონ ისრაელი, უფრო მეტად იცოდნენ - რატომ შემოდის საქართველოში ინვესტორი და რა არის ამის წყარო. რამდენად სჭირდება საქართველოს ინვესტორები, ამას მე ვერ ვასწავლი, მაგრამ ისრაელი პარტნიორი ქვეყანაა და იქ პროქართული განწყობაა, თუ საქართველო უფრო მეტად გაიცნობს ისრაელს, ვფიქრობ შედეგები ძალიან კარგი იქნება.

- ისრაელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მოსახლეობის დროული აცრა შეძლო. გვესმის, რომ საქართველო ისრაელი არ არის, მაგრამ რისი გაკეთება შეეძლო საქართველოს თუნდაც ისრაელთან თანამშრომლობით?

ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ თუ საქართველო უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდება - რა არის ქართული ინტერესი, მას შეუძლია უფრო მეტად ითანამშრომლოს ისრაელთან და უფრო მეტი შედეგები მიიღოს. ამ სფეროში ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ და ისრაელში არსებულ იხილოვის საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი მიმართვა ჰქონდა, იხილოვის პროფესორი საქართველოში ჩამოვიყვანეთ და გვჯერა, რომ ეს პროცესი განვითარდება. ის ფაქტი, რომ საბერძნეთის შემდეგ ისრაელის მხარის დაჯერება შევძელით იმაში, რომ საქართველო მეგობარი ქვეყანაა და საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი გავაჩინეთ, გვაჩვენებს, რომ პოტენციალი ძალიან დიდია და მხოლოდ მუშაობა საჭიროა.

- საქართველო ისრაელის ურთიერთობაში ერთ-ერთი საკითხი იყო საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმება ისრაელში. რაზეც გარკვეულ შედეგამდე მივედით და ამ მიმართულებით რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყო, თუ გაქვთ ინფორმაცია დღეს რამდენად დიდია აქტივობა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან და როგორია ისრაელში დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის კავშირები?

ჩვენ ისრაელიდან საპარლამენტო დელეგაცია და პროფკავშირების წარმომადგენლები ორჯერ ჩამოვიყვანეთ, რომ საქართველოსთან ამ სფეროში ყოფილიყო წინსვლა და ისრაელს საქართველოსთვის კვოტები გამოეყო. გარკვეული მიზეზების გამო, რომელზე საუბარიც ახლა არ მსურს, კვოტირების საკითხი ჩავარდა. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოდან ისრაელში სამუშაოდ მიმავალი პირები არაოფიციალურად ბინებს ყიდიდნენ და დიდ თანხებს იხდიდნენ, რასაც ისრაელში ჩასვლის შემდეგ თავისებური გართულებები მოჰყვება ხოლმე. ამაში ისრაელის მხარე საერთოდ არ არის დამნაშავე.
ქართულმა მხარემ შედეგების მისაღწევად უფრო მეტი ინიციატივა უნდა გამოხატოს. კვოტის არსებობის შემთხვევაში, ეს საკითხი მოგვარდებოდა. პრობლემა არ არის 500 ადამიანი დასაქმდება თუ 5 000, პრობლემაა რამდენად ლეგალურად კეთდება საქმე. ამ საკითხზე რამდენჯერმე გავაკრიტიკეთ ორივე მხარე. ჩვენ არ ვართ გამომძიებლები და არ ვეძებთ იმას ვინ არის დამნაშავე, ჩვენ არ მოგვწონს ის მოვლენა, რომ ადამიანები უკანონოდ მიდიან ისრაელში და ამისთვის მათ დიდი თანხების გაღება უწევთ. ამიტომ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. ვინ მოაგვარებს - ეს ჩვენი საქმე არაა. ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის საკითხები ორივე მხარემ უნდა მოაგვაროს.

დღეს ისრაელში ახალი მთავრობაა. ქვეყნებს ჰყავთ საელჩოები, მათი წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც საკმაოდ დიდ ხელფასებს იღებენ. ისინი ერთმანეთს შეიძლება დღეში 100-ჯერ შეხვდნენ... ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. მიუღებელია ჩვენთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად მუშაობდნენ ისრაელში, ამას პრობლემები მოაქვს. თუ ქართული მხარე იტყვის, რომ ისრაელთან ყველაფერი მოგვარებულია, მაშინ ყველაფერი უკან წავა და არასამთავრობოს ხელში დარჩება ყველაფერი.

პანდემიის პერიოდში დღიურად, რომ ისრაელიდან 5 რეისი სრულდება ეს ხომ ზღაპარია, როდესაც 90-იან წლებში ისრაელში კარდაკარ დავდიოდით და საქართველოს შესახებ ინფორმაციას ვაწვდიდით. შედეგად ძალიან ბევრმა ისრაელელმა საქართველოში თანხების ინვესტირება შეძლო. ისრაელური ინვესტიციებით საქართველოში აშენებულია სასტუმროები, მშენებლობები, სოფლის მეურნეობაშია, ჰაიტექის მიმართულებითაა ჩადებული ინვესტიციები. ეს ხომ რეალობაა, რომელიც მუშაობის შედეგად იქნა მიღწეული. ჩვენთვის ეს მაჩვენებლები ცოტაა, რადგან ბიზნესპალატას წარმოვადგენთ და არ გვინდა რომ ამ მაჩვენებლებით კმაყოფილები ვიყოთ - 200 000 ტურისტიც ცოტაა, 500 მლნ დოლარის ინვესტიციაც ცოტაა და ვაჭრობის 20 მლნ დოლარიც ცოტაა, მაგრამ ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს. ვიმუშაოთ ერთად და ყველაფერი გავამრავლოთ ორზე.

- თქვენ ახსენეთ, რომ საქართველო-ისრაელის სავაჭრო ბრუნვა მცირეა, თუმცა პანდემიის პერიოდში მაჩვენებლები მცირედით გაიზარდა. რაში ხედავთ სავაჭრო ბრუნვის გაზრდის რესურსს და რამდენად მარტივია საქართველოდან ისრაელში პროდუქტის შეტანა და პირიქით?

ისრაელში ძალიან დიდი რეგულაციებია. გარკვეული პროდუქტების შეტანაზე თანხმობის მისაღებად დიდი მუშაობაა საჭირო, რადგან ისრაელში ძალიან მაღალი სტანდარტებია, თუმცა რიგი პროდუქტის შეტანა შეიძლება გაძლიერდეს, მაგალითად ქაშერი - ანუ ორგანული ღვინის შეტანა საქართველოდან ისრაელში, ამას ქართული მხარის მუშაობა სჭირდება. იგივე ნარატივით ვესაუბრებით ისრაელის მხარეს - რას ვერ აკეთებენ იმისთვის, რომ ისრაელური პროდუქცია საქართველოში შემოვიდეს. უნდა გამოგზავნონ წარმომადგენლები, შეისწავლონ ბაზარი, რადგან ეს გერმანია ან საფრანგეთი არ არის. ისრაელიდან ყველაზე მინიმალური შეკვეთამ, მაგალითად გერმანიაში 10 კონტეინერია, მაშინ როდესაც საქართველოში პირველი შეკვეთა შეიძლება კონტეინერის მეათედი იყოს. ამას საქართველოში ჩამოსვლა და ამ საკითხზე მუშაობა, საქართველოს ბიზნესკულტურის გაცნობა სჭირდება. ისრაელში ჩვენ შეხვედრები ექსპორტის ინსტიტუტთან, სავაჭრო პალატასთან გვაქვს. ორმხრივი ურთიერთობები ეს ჩვენი სიბრტყეა. ვიცით კარგად რა პოტენციალია და რა უნდა გაკეთდეს.

- ბიზნეს პალატა იყო ერთ-ერთი ინიციატორი საქართველო-ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულები გაფორმების. დღეს რა მნიშვნელობა ენიჭება ამ შეთანხმებას ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაღრმავებაში და რა პროცესები მიმდინარეობს, რა ეტაპზე ვართ?

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ყოველთვის სხვადასხვა ინიციატივის გენერატორია ხოლმე. ისრაელის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან იმ პერიოდში შევთანხმდით და სპეციალური წარმომადგენელი გამოგზავნეს, რომელიც საქართველოში ეკონომიკის მინისტრს შეხვდა და ამ პროცესის დაწყება შევძელით, რომელიც დღემდე გრძელდება. ამას მუშაობა სჭირდება. პროცესების დაჩქარების მხრივ ჩვენ ჩართვა არ შეგვიძლია, მაგრამ საქართველოს მხარეს ვურჩევდი - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ერთ-ერთი პუნქტი ინვესტიციების დაცვაა; ამ ურთიერთობაში ინვესტიციების დაცვა საქართველოსთვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას დღეისთვის შეიძლება იმდენი პროდუქტი არ ჰქონდეს, რომ ისრაელში ექსპორტი განახორციელოს, მაგრამ კონტრაქტის ჩარჩოში ინვესტორების დაცვა, ისრაელში ბევრი ინვესტორისთვის იქნება მესიჯი, რომ საქართველოში ჩამოსვლისას თავი დაცულად შეიძლება იგრძნონ.

- საუბრისას რამდენჯერმე ახსენეთ ქაშერი პროდუქტები და ერთ-ერთი ასეთი ღვინოა. კიდევ რომელი პროდუქტი შეიძლება გავიდეს და სად ხედავთ ამის რესურსს?

მჯერა, ღვინოზე ბევრად მეტად შეიძლება მუშაობა. ქაშერი ღვინო ეკოლოგიურად სუფთა, იგივე ქართული დამუშავებით წარმოებული ღვინოა, რომელმაც 3 საერთაშორისო პრიზი მოიპოვა. თუ ადრე ასეთ ღვინოს სახლებში ამზადებდნენ, დღეს უკვე ეს პროდუქტი ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანია „ბადაგონმა“ დაამზადა.

იმისთვის, რომ წელიწადში ისრაელში 1 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გავიდეს, ნაცვლად 10 000-სა, ამას ქართული მხარის ჩართულობა სჭირდება; საჭიროა რეკლამა. ხედვა, რომ ისრაელი მეგობარი ქვეყანაა და ქართულ ღვინოზე რიგი იქნება - ტყუილია. ჩვენ უნდა შევძლოთ, ქართულ მხარეს დავანახოთ რეალური ისრაელი, რასაც „ისრაელის სახლის“ მეშვეობით ვაკეთებთ. ისრაელში პროდუქტი მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩადის. ისრაელი ძალიან ბევრ სფეროში წამყვანი ქვეყანაა. იმისთვის, რომ ქართულმა პროდუქტმა ისრაელში ადგილი მოიპოვოს, ამას ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება, ამას ქართული ენერგია და სახსრები ესაჭიროება, რათა ისრაელში გაიგონ, რომ ქართული პროდუქტი სუფთა და ეკოლოგიურად კარგია. ამის შემდეგ ქართული პროდუქტი უფრო მეტი რაოდენობით გაიყიდება.

საქართველოში ძალიან ბევრი პროდუქტის გადამუშავება შეიძლება, რადგან აქ მსხალს და ვაშლს ნამდვილი გემო აქვს, ძალიან ბევრ ქვეყანაში მსხალს, ვაშლს, კიტრსა და პომიდორს ერთი და იგივე გემო აქვთ, ფორმაა სხვადასხვა, ხოლო საქართველო ჯერ კიდევ იმ ეტაპზეა, სადაც პროდუქტებს განსაკუთრებული გემო აქვთ. შეიძლება, აქ დამუშავდეს პროდუქტი და ისრაელში გაკეთდეს ექსპორტი.

- ბატონო იციკ, საქართველოში არსებული რთული ეპიდვითარებისა და ისრაელის მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, ივლისის ბოლოს დაგეგმილი ბიზნესფორუმი გადაიდო, თუმცა რომ გვითხრათ, ამ კვირეულით რა შედეგებზე იყავით ორიენტირებული და რის გაჟღერებას აპირებდით ბიზნეს ფორუმზე?

გვინდა საქართველოს დავანახოთ, რომ უამრავი პრობლემის მიუხედავად ქვეყანაში, მსოფლიოში ისრაელიდან პოტენციალი დიდია; მეორე არის, რომ ქართული ინტერესებიდან გამომდინარე, ისრაელთან არსებული ინიციატივები გააძლიერონ; მესამე - იმისთვის რომ ეს ურთიერთობები შედეგიანი იყოს და გამრავლდეს, ქართულმა მხარემ მხარი დაუჭიროს იმ ინვესტორებს, რომელიც საქართველოში არიან, ვინაიდან ახალი ინვესტიციებზე პირდაპირაა მიბმული. ჩვენ როგორც საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა დავანახოთ ინვესტორებს, რომ საქართველოში პირველ რიგში მათი გარანტორები ვართ და ქვეყნის სამსახურში ვართ.

ბიზნესფორუმზე ორი რამის წარდგენას ვგეგმავდით - ერთი არის ბილატერალური ტურიზმის ჩვენი ხედვა; მეორე - გვაქვს პროგრამა როგორ შეიძლება საქართველომ დანიშნოს 100 საპატიო კონსული ქვეყნებში. კონსულები საქართველოსთვის იმუშავებენ და 2 თვეში ერთხელ ინვესტორს ჩამოიყვანენ. ჩვენ გვინდა დავანახოთ, რომ მხოლოდ ამ პროექტით საქართველოში შეიძლება 1 მლრდ დოლარი შემოვიდეს. ეს საქართველოს ეკონომიკის თავიდან ამუშავებაა. საქართველო იმ მდგომარეობაშია, რომელშიც ისრაელი სხვადასხვა პერიოდში იყო. ამ პერიოდში საქართველოს წარმომადგენლების საზრუნავი ის კი არ უნდა იყოს, როგორი ჰალსტუხი უნდა ეკეთოთ, ან როგორი ტორტი უნდა მოიტანონ, არამედ ეს ის პერიოდია, სადაც კომანდოს მეთოდით უნდა ვიმუშაოთ. საპატიო კონსულები, ელჩები, საქართველოს წარმომადგენლები ძირითადად ერთ სფეროში უნდა მუშაობდნენ - როგორ მოიზიდონ ინვესტორები, ხოლო მთავრობამ უნდა იმუშაოს - როგორ დაიცვას ისინი. ეს გამოცდილება და მუშაობა, რომელიც ჩვენი მხრიდან საქართველოს გვინდა ვაჩუქოთ - ისრაელის გამოცდილებაა. მჯერა ამ მუშაობაში საქართველო მოგებული დარჩება. რეალობა, პოტენციალი, ინიციატივა, ზრუნვა და ზოგადად რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ - ეს ბიზნესფორუმის შინაარსი იყო.

ჩვენ ვიყავით პირველი ორეროვანი ბიზნესპალატა საქართველოში და ამის შემდეგ 25 წელი გავიდა. ჩვენ ყველა მიმართულებით ვიმუშავეთ. ახლაც მზად ვართ გავუწოდოთ ხელი მთავრობას, საზოგადოებას, ბიზნესმენებს. კომპანიის გახსნა, ბაზრის შესწავლა - ეს სერვისები უანგაროდაა და ჩვენ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს საქართველო-ისრაელის ურთიერთობაში. ყველაფერი ჩვენს ხელშია. პოტენციალი არის. დარჩა მხოლოდ მუშაობა. ვიმუშავებთ ერთად - გაორმაგდება მაჩვენებლები, არ ვიმუშავებთ - დარჩება როგორც არის.