საქართველო-ისრაელის ეკონომიკური პარტნიორობა წლიდან წლამდე ღრმავდება, რაზეც სხვადასხვა მიმართულებით არსებული მაჩვენებლების ზრდაც მეტყველებს. როგორია ქვეყნებს შორის ინვესტიციების, ვაჭრობას, ტურიზმის, გზავნილების მონაცემები და რა ტენდენციები იკვეთება ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით - შევეცდებით ეს კავშირი რიცხვებში წარმოვადგინოთ:
ინვესტიციები
საქართველოში პირდაპირი ისრაელური ინვესტიციების შემოდინება მცირე მოცულობებით 2001 წლიდან დაიწყო და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე მეტი ინვესტიცია 2015 წელს 37 მლნ 661 ათასი დოლარის მოცულობით ჩაიდო. გასულ წელს ჯამში საქართველოში ისრაელიდან 35 მლნ 093 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 5 მლნ 231 ათასი დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის რიცხვებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება (2022 წლის I-II კვარტალი - 23 მლნ 917 ათასი დოლარი).
სავაჭრო ბრუნვა
საქართველო-ისრაელს შორის საქონლით ვაჭრობის დინამიკა წლების განმავლობაში იცვლებოდა, პანდემიის შემდეგ კი დადებითი ტენდენციით ხასიათდება. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 23 მლნ 942 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 6.3%-ით მეტია.
ისრაელთან საქონლის ვაჭრობის კუთხით მთავარი ადგილი ექსპორტს უკავია. წლის პირველ რვა თვეში ისრაელში გაყიდული საქონლიდან საქართველომ 13 მლნ 530 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს თითქმის იგივე მაჩვენებელია, რაც გასული წლის ამავე პერიოდში.
საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასეთია:
1. აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის - $2 მლნ;
2. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $2 მლნ;
3. საფრენი აპარატების ნაწილები - $1.3 მლნ;
4. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - $1.1 მლნ;
5. ოპტიკური ელემენტები - $1 მლნ;
ამ საქონლის გარდა იანვარ-აგვისტოში ისრაელში მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, არადენატურირებული ეთილის სპირტი, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი, ავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები, ტელე-რადიო აპარატურისათვის განკუთვნილი ნაწილები, პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი, მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, საპარსი საშუალებები, დეზოდორანტები და სხვა საქონელი გავყიდეთ.
რაც შეეხება იმპორტს, წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოდან ისრაელში, 10 მლნ 412 ათასი დოლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი შევიძინეთ. იმპორტი წლიურად 10%-ით გაიზარდა.
იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასეთია:
1. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - $1.2 მლნ;
2. ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - $1.1 მლნ;
3. ბოსტნეული სხვა, ძმრის დამატების გარეშე, დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი - $876 ათასი;
4. ფილები, ფურცლები სხვა პოლიმერული მასალებისაგან - $739 ათასი;
5. ნაწილები განკუთვნილი ტელე-რადიო აპარატურისათვის - $485 ათასი;
იმპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ასევე ვხვდებით თმისთვის საშუალებებს, ხილისა და ბოსტნეულის წვენებს, სატელევიზიო კავშირისთვის განკუთვნილი აპარატურა, მანქანები ელექტრული და აპარატურა, რომელთაც გააჩნიათ ინდივიდუალური ფუნქციები, მსუბუქი ავტომობილები, ავეჯი სხვა და მისი ნაწილები, სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები, აპარატურა მექანოთერაპიის, მასაჟებისათვის ან სხვა, ლილვები ტრანსმისიური და მრუდმხარები და სხვა.
ტურიზმი
ისრაელელებისთვის საქართველო ტურისტულად ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. გასული წლის განმავლობაში ისრაელელი ვიზიტორების მიერ ჩვენს ქვეყანაში სულ 210 178 ვიზიტი შესრულდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 108.7%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის რიცხვებს 2.5%-ით.
2019 წელი - 205 051 ვიზიტორი
2020 წელი - 25 731 ვიზიტორი
2021 წელი - 100 686 ვიზიტორი
2022 წელი - 210 178 ვიზიტორი
2023 წლის პირველ ნახევარში ისრაელიდან შესრულებული ვიზიტების რაოდენობა 106 530-ს უკვე აღწევს. ეს რიცხვი 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელს 26%-ით, ხოლო 2019 წლისას 38.1%-ით აღემატება.
2019 წლის 6 თვე - 77 125 ვიზიტორი;
2022 წლის 6 თვე - 84 577 ვიზიტორი;
2023 წლის 6 თვე - 106 530 ვიზიტორი.
ისრაელელი ტურისტების კონტრიბუცია საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებში მნიშვნელოვანია, რომელიც პანდემიური 2020 წლის გამოკლებით, ძირითადად მზარდია. ისრაელიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა საქართველოში წელს 6 თვეში 148 მლნ დოლარი დახარჯეს. ჯამურად კი, ბოლო ტურიზმის შემოსავლებში ამ ქვეყნის წილი 5.5 წელიწადში მილიარდ დოლარამდეა.
2018 წელი - $184,7 მლნ
2019 წელი - $233,6 მლნ
2020 წელი - $26,6 მლნ
2021 წელი - $118,6 მლნ
2022 წელი - $270,5 მლნ
2023 წლის 6 თვე - $148,2 მლნ
ფულადი გზავნილები
საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ქვეყნების რეიტინგში ისრაელი Top-10-ეულში შედის და მეშვიდე ადგილს იკავებს. წელს ისრაელიდან გზავნილების სახით 16 მლნ 770 ათასი დოლარი შემოვიდა. გადმორიცხვების მთლიან მოცულობაში ისრაელმა ჩარიცხული თანხის მოცულობით 5.84%-იანი წილი დაიკავა. ეს მაჩვენებელი გასული წლის 8 თვის სტატისტიკასთან შედარებით 6.7%-ით არის შემცირებული.