ინვესტორი ვიღაც გზასაცდენილი ადამიანი არ არის, ის სტაბილურ გარემოს ეძებს, - ამის შესახებ "მენაშენეთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.
საქმე ისაა, რომ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. საქსტატის თანახმად, ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ აშშ დოლარით შეამცირა. საქსტატის მიხედვით, მთლიან ინვესტიციებში $560 მილიონი დოლარი რეინვესტიციებს წარმოადგენდა, რაც მთლიანად FDI-ის 90% იყო.
„ძალიან მარტივია, ინვესტორი ეძებს მშვიდ, პროგნოზირებად გარემოს. ინვესტორი არ არის ვიღაც გზასაცდენილი ადამიანი, ის არის ჭკვიანი მოქალაქე, რომელმაც თავის ქვეყანაში იშოვა ფული, ახლა ცდილობს გაზარდოს ბიზნესი. ჩემი პრაქტიკის მანძილზე, რამდენ ინვესტორთანაც მქონია საქმე, ჩვენი შეთავაზების შემდეგ, პროექტების განხილვის შემდგომ ისინი აქტიურად ესაუბრებიან ხოლმე თავიანთი ქვეყნების საელჩოებს, რომელთა პირდაპირი ფუნქციაა, რომ მიაწოდონ ინფორმაცია. ჩემი განცდით, საელჩოსთან პირველივე ინტერაქციით სრულდება ხოლმე ოცნებები საქართველოში ინვესტირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.
როსტომაშვილის თქმით, მიუხედავად სტაბილური ან არასტაბილური გარემოსი, მთავრობამ ინვესტორებს მაინც უნდა შეუქმნას შესაბამისი გარემო.
„ინვესტორს რაღაც მოლოდინი ხომ უნდა ჰქონდეს? მაგალითად ავიღოთ დეველოპერული სექტორი - ვინმე ჭკუათმყოფელი იტყვის, რა ვითარება იქნება საქართველოში 3 წლის შემდეგ? ან ლარს რა კურსი ექნება? გვეუბნებიან ბევრი ქვეყანაა, სადაც ჩვენზე უარესი მდგომარეობაა და ინვესტიციებს დებენო, მაგრამ მე ასეთი ქვეყანა არ ვიცი, თუმცა, სადაც მსგავსი რამ ხორციელდება, მიუხედავად არსებული ვითარებისა, მთავრობები ცდილობენ, რაიმე მხრივ ხელი შუეწყონ მათ.
ჩემი პოზიციაა, ვიმსჯელოთ კონკრეტულ პროქტებზე. ჩვენ ხომ ძალიან მაგრები ვართ სადღეგრძელოებში? კეთილი სურვილები რაღაც რეალურისკენ უნდა წავიყვანოთ, ნახევრად ხუმრობით, მივუწეროთ კეთილ სურვილებს, რომ ეს უნდა განხორციელდეს ამ წლამდე, ამის ბიუჯეტი არის ამდენი... გადავაქციოთ სადღეგრძელო ბიზნეს გეგმად, არ შეიძლება "გაუმარჯოს" ძახილით ვიაროთ ერთ წრეზე, 30 წელი. განვიხილოთ კონკრეტული პროექტები; საქმეებზე ვისაუბროთ და არა იმაზე, მე ჰესს ავაშენებ-არ ავაშენებ და ა.შ.“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.