მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორთა საბჭოზე მთავრობას მიწების შესახებ დაგვიანებული ნორმების მიღება შეახსენეს

5ef0d965b49e1
შოთა ტყეშელაშვილი
22.06.20 20:15
1736
დღეს საქართველოში უცხოეთის მოქალაქეებსა და უცხოეთში დაფუძნებულ კომპანიებს სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობა აკრძალული აქვთ. ამას “ქართული ოცნების” უმრავლესობის მიერ 2017 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს. კონსტიტუციაშივე ნათქვამია, რომ სახელმწიფომ შეიძლება დაუშვას გამონაკლისები, რომლითაც უცხოელებს მიწის ფლობის უფლება მიეცემათ, ეს გამონაკლისები კი ორგანული კანონით უნდა იყოს განსაზღვრული.

2019 წლის 25 ივნისს კი პარლამდენტმა მიიღო კანონი მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავრობას ამ კანონის ქვემდებარე დადგენილებები 2020 წლის 30 აპრილამდე უნდა მიეღო, რითიც კონკრეტულად განისაზღვრებოდა პროცედურები, რომლითაც უცხოელები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო საკუთრების საგამონაკლისო წესით ყიდვას შეძლებდნენ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები დღემდე არ მიღებულა, შესაბამისად, უცხოელები მოკლებული არიან შესაძლებლობას განახორციელონ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები.

სწორედ ეს გარემოება შეახსენეს დღეს მთავრობას დღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობის შესახებ კანონის ჩანაწერი იყო.

ინვესტორთა საბჭოზე უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობის შესახებ წარდგენილი რეკომენდაციები ასეთი იყო:

● დაჩქარდეს კანონქვემდებარე აქტების მიღება, რომლებიც მიწის შესახებ კანონის ჩანაწერს უკავშირდება, რათა ხელი შეეწყოს ამ სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას;
● ამ წესების მიღება აუცილებელია, რათა ქართულ სოფლის მეურნეობაში უზრუნველყოფილი იყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან, წესები, რომლითაც მიწის ფლობაზე ნებართვების გაცემა უნდა მოხდეს უნდა იყოს მკაფიო, რათა მან ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას;
● მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ კანონის მიხედვით, სახელწმიფომ უნდა უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების დაუყოვნებლივი მიღება, რათა შეიქმნას ახალი რეჟიმი იმისთვის, რათა განისაზღვროს უცხოელების მიერ მიწის ფლობის საგამონაკლისო წესები;
● საშუალოვადიან პერიოდში რეკომენდებულია მთავრობამ გადახედოს კონსტიტუციურ აკრძალვას, თუ რამდენად მიზანშეწონილია უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვა.

კანონის მიხედვით, საქართველოს მთავრობას 2020 წლის 30 აპრილამდე შემდეგი აქტები უნდა დაემტკიცებინა:

● საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით;
● სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, მიწის ღირებულების დადგენისა და ანაზღაურების წესი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით.