მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა არ გაგრძელდება - მაჭავარიანი

5feb0a7abc8fe
ინგა მურუსიძე
29.12.20 15:04
1239
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაცემული იპოტეკური სესხების პროცენტი 4 პუნქტით დასუბსიდირდა. სუბსიდირება ეხება ყველა იმ პირს, ვინც ბანკს შესაბამისი მოთხოვნით 2021 წლის 1 იანვრამდე მიმართავს.

გარდა ამისა, გუშინ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ თქვა, რომ მთავრობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია იყო და შესაძლოა პროგრამა მომდევნო წელს 6 თვით გაგრძელდეს.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი წარადგინა, სადაც თქვა, რომ 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 35 მლნ ლარი, რაც მიმდინარე წელს გაცემული იპოთეკური სესხების საბანკო ვალდებულებებს მოხმარდება. ხოლო რაც შეეხება პროგრამის შესაძლო გაგრძელებას, მინისტრი ირწმუნება, რომ მთავრობა სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას არ გეგმავს.

„იპოთეკურ სუბსიდირებას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ მძლავრი ინიციატივა იყო, თუმცა მისი გაგრძელება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ამ სექტორმა საკმაო შედეგი დაგვანახა 2020-ში, ვიდრე ორგანულად იქნებოდა ამ წელს. ჩვენი მიზანი იყო, რომ შევხიდებოდით სექტორს, მაგრამ ზრდა იმაზე მეტი აჩვენა, ვიდრე ველოდებოდით, ამიტომ აუცილებელია, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო გამოვიდეს თანადაფინანსებიდან და მისცეს ბაზარს შესაძლებლობა, რომ კორექტირება გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც ეკონომისტები ამბობენ, შესაძლოა „სექტორის გადახურება“ გამოვიწვიოთ, რადგან არაბუნებრივია, როცა ასეთი ზრდა გაქვს. სექტორს უნდა მივცეთ საშუალება, ფასების კორექცია მოხდეს ბაზრის პრინციპებიდან გამოდინარე“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მისი ინფორმაციით, ჯამში იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე 760 მლნ ლარზე მეტი თანხა გაიცა და ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია.