მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი: „ფაქტობრივი გარემოებაა, რომ თბილისს უფრო დიდი აეროპორტი სჭირდება“

645c96ce85df9
თამთა ჯიჯავაძე
11.05.23 11:29
1070
ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ თბილისს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იზრდება მგზავრთნაკადი, რაც ქმნის უფრო დიდი აეროპორტის საჭიროებას.

„ობიექტურად ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ თბილისს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა. შესაბამისად, დღეს არსებულ ტერიტორიაზე თბილისის აეროპორტს არ აქვს შესაძლებლობა, რომ იმ მასშტაბის გაფართოება განახორციელოს, რა მასშტაბითაც ქვეყანას სჭირდება.

შესაბამისად, დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ამის შესახებ შესაბამისი ვადებიც არსებობს. ისე არ არის, რომ გადაწყვეტილება დღეს და ხვალ იქნას მიღებული. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება - უშუალოდ დეტალებთან, არსებულ კონტრაქტთან დაკავშირებით, ეს სამუშაო პროცესია. თუმცა ფაქტობრივი, არსებული მდგომარეობით, ის, რომ საქართველოს, თბილისს უფრო დიდი აეროპორტი სჭირდება, რომელსაც ექნება უფრო მეტი გამტარიანობა, ობიექტური მოცემულობაა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას გეგმავს, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გასულ კვირას სამხრეთ კორეაში ვიზიტისას ქართულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მან გასულ კვირასაც განმარტა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების მაქსიმალურ პარამეტრს უახლოვდება, რის გამოც აუცილებელია ქვეყანას ავიაციის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის კიდევ ერთი ალტერნატიული აეროპორტი გააჩნდეს, თუმცა თბილისის გარშემო ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ამჟამად შეზღუდულია, რასაც TAV-თან არსებული ხელშეკრულება განაპირობებს.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს მთავრობასა და TAV-თან არსებული ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის აეროპორტის გარშემო 200 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო ფრენების განხორციელება შეზღუდულია. აღნიშნული ხელშეკრულება 2027 წლამდეა მოქმედი.

BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკის" წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვაზე - ნიშნავს თუ არა ლაშა ხუციშვილის განცხადება იმას, რომ 2027 წლიდან TAV-თან არსებულ ხელშეკრულებაში პირობები შეიცვლება, მინისტრმა უპასუხა, რომ სწორედ ამის შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები