საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში, რომელიც 12-18 ოქტომბერს, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართება.
სამინისტროს თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.
შედგება კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან. ლაშა ხუციშვილი, მონაწილეობას მიიღებს სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში, ასევე, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის (Constituency) შეხვედრაში.
დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დონორი ორგანიზაციების, სარეიტინგო და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დელეგაციაშია ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. ორმხრივი შეხვედრების გარდა, იგი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრისა (CCAMTAC) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) შეხვედრებში.
























