მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის ელჩი განმარტავს, თუ რატომ გადაიწია საქართველოსთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენის თარიღმა

5ee1115d69d0c
თამთა ჯიჯავაძე
10.06.20 20:54
2852
ამას იმაზე დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვენ ველოდით, – ამის შესახებ ისრაელის ელჩმა რან გიდორმა bm.ge-სთან ინტერვიუში საქართველოსა და ისრაელს შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და მცირე ხნით გადაიდება ორმხრივი ტურისტული მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის.

„ჩვენ ხანდახან გვაქვს ვიდეოკონფერენციები საჯარო მოხელეებთან და წამყვან პროფესიონალებთან საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან, ჯანდაცვის სამინისტროებიდან, სამოქალაქო ავიაციიდან, აეროპორტების ხელმძღვანელობიდან. ასე რომ 20–25 ადამიანი მუშაობს ორივე დედაქალაქში და განიხილავს ძალიან ზუსტ რეგულაციებს. სწორედ ამიტომაც გრძელდება ეს პროცესი უფრო დიდხანს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ამას გარდა, საიდუმლო არ არის, რომ ბოლო 10 დღეში ისრაელში ინფიცირების შემთხვევების უეცარი ზრდა დაფიქსირდა, რის გამოც პირდაპირი ფრენების განახლება და ტურისტული კავშირების აღდგენა გადაიწევს ალბათ 2–3 კვირით. ვიმედოვნებ, რომ მეტით არა. ეს დამოკიდებულია ადგილზე არსებულ ვითარებაზე. თუმცა, დაინფიცირებულთა რიცხვის უეცარი ზრდა არის არა იმიტომ, რომ ჩვენ პანდემიის ახალი ტალღა გვაქვს ისრაელში“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ისრაელში ამჟამად დღეში საშუალოდ 15 000 PCR-ტესტი ტარდება, რაც იმას ნიშნავს რომ რაც უფრო მეტი ტესტი ჩატარდება, უფრო მეტი დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდება. შეგახსენებთ, 10 ივნისის მონაცემებით, ისრაელში 18,268 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის ბოლო 24 საათში 88 შემთხვევა დაფიქსრიდა, წინა დღეებში კი უფრო მეტი ახალი შემთხვევები ფიქსირდებოდა.

რან გიდორმა bm.ge-სთან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ საზღვრების გახსნა დიდი ხნით არ გადაიდება.

„გეგმა იყო, რომ 1 ივლისიდან გახსნილიყო საზღვრები კომერციული ფრენებისთვის, თუმცა, მანამდე გვინდოდა რამდენიმე საპილოტე ტესტი ჩაგვეტარებინა – ჩამოგვეყვანა რამდენიმე ჯგუფი და გვენახა თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი აეროპორტში, სასტუმროებში... ჩვენ ამას ივნისის შუა რიცხვებში ვგეგმავდით, თუმცა, ისრაელში ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენ ამ საპილოტე ტესტს 2 კვირით გადავდებთ, თუმცა, ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ გავხსნით საზღვრებს ივლისის პირველ რიცხვებში“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ისრაელთან ყველაფერი ხელმოსაწერად მზად არის, „თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გართულდა ისრაელში და ჩვენ ყველა ერთად დავსხედით და ვთქვით, რომ ეს უნდა გადავდოთ, დაველოდოთ, სანამ იქაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება“.

ის, რომ პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს ექნებოდა უსაფრთხო, მწვანე კოროდორი ტურისტული მიმოსვლის თვალსაზრისით, იქნებოდა ისრაელი, მაისის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი.