საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში გაემგზავრა. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია გვატყობინებს, ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
რა საკითხები იქნება კონკრეტულად განხილული, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, თუმცა საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ „ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი“. ელჩი კონკრეტულ საკითხებს არ ასახელებს, მაგრამ სამ მიმართულებას გამოყოფს, რა კუთხითაც საქართველო სარგებელს მიიღებს, ესენია: ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ტურიზმის სექტორში ურთიერთობის გაძლიერება და ისრაელიდან ინვესტიციების შემოდინება.
რა ეტაპზეა ამ მიმართულებებით, ამ დროისთვის ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირები და რას შეიძლება ველოდოთ? ამ კითხვების გასაანალიზებლად, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები და სტატისტიკური მონაცემები მოვიშველიეთ.
ინვესტიციები
ისრაელიდან 2022 წელს საქართველოში 35.1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით 31.5%-ით მეტია და 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ისრაელიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მთლიან FDI-ში 1.7% იყო. რაც შეეხება მიმდინარე წელს, I კვარტალის მონაცემებით, ისრაელიდან საქართველოში მხოლოდ 3,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ მაჩვენებლებით, ბუნებრივია, ისრაელი TOP-10 უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის არაა.
„კერძო სექტორი უნდა გაძლიერდეს“ – ბლიც–ინტერვიუ ისრაელის ელჩთან
ცნობისთვის, გასულ კვირას, ანუ პრემიერის ისრაელში გამგზავრებამდე, საქართველოს პარლამენტში არსებული ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმთან დაძმობილებული ისრაელის ქალაქ აშდოდის მერს, იეჰილ ლასრის შეხვდნენ. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნების საპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ, სფეროში არსებული ინოვაციების, თანამედროვე გამოწვევების და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის მხარე ანაკლიის პორტის ახალი პროექტით დაინტერესდა, რაზეც საქართველოს დელეგაციამ მასპინძლებს ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნულ სფეროში საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაცვლის შესახებ მზაობა გამოხატა.
ვაჭრობა
პრემიერის ისრაელში მიმდინარე ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას, ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, რომ ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები მომავალ წელს დაიწყება. ცნობისთვის, საქართველომ და ისრაელმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა 2018 წლიდან დაიწყეს.
ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადმაც BMG-ის გადაცემა „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ 2024 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაწყებას უნდა ველოდოთ. აღნიშნული შეთანხმების მიზანს, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა და სავაჭრო კავშირების გაღრმავება წარმოადგენს.
ამ ეტაპზე კი ისრაელი საქართველოსთვის მთავარ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში არ შედის. რაც შეეხება კონკრეტულ რიცხვებს, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ისრაელსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და 38,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს (31,3 მლნ აშშ დოლარი) დაახლოებით 7 მლნ აშშ დოლარით უსწრებს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 17,9 მლნ აშშ დოლარი იყო, საიდანაც დაახლოებით 9.3 მლნ აშშ დოლარი მოდის ექსპორტზე, დანარჩენი კი (8.5 მლნ აშშ დოლარი) იმპორტზე. ხაზგასასმელია, რომ ბოლო წლებში ისრაელი-საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში საქართველოდან ექსპორტის მაჩვენებლები იმპორტისას უსწრებს.
რაც შეეხება იმ საქონლის TOP-ათეულს, რაც საქართველოდან ისრაელში გადის, 2023 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, შემდეგნაირად გამოიყურება:
1. აპარატურა გადამცემი რადიო სატელეფონო, რადიო მაუწყებლობისა და ტელევიზიისთვის - 1,262.55 ათასი აშშ დოლარი
2. წყლები, მინერალურის და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 1,197.09 ათასი აშშ დოლარი
3. საფრენი აპარატების ნაწილები - 997.01 ათასი აშშ დოლარი
4. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 892.29 ათასი აშშ დოლარი
5. მინერალური და მტკნარი წყლები - 764.83 ათასი აშშ დოლარი
6. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 552.82 ათასი აშშ დოლარი
7. ოპტიკური ელემენტები - 472.81 ათასი აშშ დოლარი
8. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 453.20 ათასი აშშ დოლარი
9. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 447.34 ათასი აშშ დოლარი
10.ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 436.93 ათასი აშშ დოლარი
ტურიზმი
ისრაელი-საქართველოს ეკონომიკურ კავშირებს თუ განვიხილავთ, ტურიზმი რიცხვების თანახმად, ყველაზე კარგ პოზიციაზეა. კერძოდ, ისრაელი საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების მიხედვით TOP ხუთეულშია. მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში, ჯამში ისრაელიდან საქართველოს 106,530 ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია, ხოლო თუ 2023 წლის მონაცემს პანდემიამდელ 2019 წელს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მატება 38.1%-ია. ამასთან, ცნობილია, რომ ისრაელელი ტურისტები ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები არიან. მაგალითად, მიმდინარე წლის ივნისში ისრაელი ვიზიტორების დანახარჯების მიხედვით 32.2 მლნ დოლარით მეოთხე ადგილს იკავებდა.