ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–მ ინტერვიუ ჩაწერა ისრაელის ელჩთან საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადთან. ბლიც–კითხვები შეეხო ისრაელის ინვესტორების მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებს საქართველოზე და ასევე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება საინვესტიციო ურთიერთობები არ იყოს ცალმხრივი და სულ უფრო მეტ ინვესტორს საქართველოდან მიეცეს ისრაელში ინვესტირების შესაძლებლობა.
- ქალბატონო ელჩო, რა არის ის ყველაზე ხშირად დასმული კითხვები, რაც გესმით თქვენი ქვეყნის ინვესტორებისგან და განსაკუთრებით ახალი ინვესტორებისგან საქართველოს შესახებ?
ჩვეულებრივი კითხვები მესმის. მათ ძირითადად აინტერესებთ სტაბილურობა, ბიზნესგარემოს კეთილგანწყობა – ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ინვესტორები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. მათ, მე მგონი, საერთო კითხვარი აქვთ, როცა ახალ ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილებას იღებენ. ზოგჯერ შეხვედრებს ვუწყობთ – მაგალითად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ვახვედრებთ საუკეთესო და ობიექტური ანალიზისთვის. და რა თქმა უნდა, მთავარი ჩვენი პარტნიორი ამ ნაწილში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროა.
- ასევე საინტერესოა, აკვირდებიან თუ არა თქვენი ქვეყნის ინვესტორები იმას, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12 წინაპირობას, რომელიც მათ შორის, გამართული ბიზნესგარემოს უზრუნველყოფასაც მნიშვნელოვნად დაეხმარება
ვერ ვიტყოდი, რომ ისრაელის ინვესტიციების გადმოსახედიდან ეს მთავარი ფოკუსი იყოს. ალბათ ეს უფრო ევროპელი ინვესტორებისთვის იქნება საინტერესო.
- რის გაკეთებაა შესაძლებელი, რომ მეტი ბიზნესი და ინვესტორი ვიხილოთ საქართველოდან ისრაელში და ეკონომიკური თუ ბიზნესთანამშრომლობა ცალმხრივი არ იყოს?
რა უნდა გაკეთდეს – ასე დავსვამდი აქცენტს. კარგი პასუხია ..კერძო სექტორი უნდა გაძლიერდეს. უნდა მყარად დადგეს ფეხზე. იყოს მოგებიანი – ჩვენ კი ჩვენი მხრივ, შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი ბარიერი მოვხსნათ მათთვის და გავუმარტივოთ მათ ბიზნესის წარმოება. საბოლოო ჯამში, მაინც მათზეა – გადაწყვეტენ თუ არა, რამდენად ღირს სხვა ქვეყანაში ინვესტირება.
- კმაყოფილი ხართ ვაჭრობის რიცხვებით?
არა. მაგრამ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ვაჭრობის რიცხვები სრულ სურათს მაინც არ აჩვენებს. რადგან აქ არ ჩანს ის რიცხვები, რაც ტურიზმს მოაქვს და ვიცით, რომ ამ კუთხით ისრაელი ნამდვილად აქტიურია. თუმცა, ისიც არის, რომ ჩვენი საქმეა არასდროს ვიყოთ ბოლომდე კმაყოფილები და ყოველთვის მეტზე მეტი ვაკეთოთ ..