„ჰამასთან დაკავშირებით კითხვის დასმა – თუ რატომ დაიწყო შეტევა ისრაელზე ახლა – იმას ჰგავს, რომ ვიკითხოთ, რატომ აკეთებს ISIS-ის ტერორისტული ორგანიზაცია იმას, რასაც აკეთებს“ – ასე უპასუხა ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადმა „ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას – ხომ არ გახდა რეგიონში მიმდინარე მოვლენები – რუსეთ–უკრაინის ომი, ნაგორნო–ყარაბახის ომი იმის მიზეზი, რომ ჰამასმაც გადაწყვიტა იერიში მიეტანა ისრაელზე.
როგორც ესტერ მეიცადი ამბობს, ჰამასს არ სჭირდება რეგიონში არანაირი გეოპოლიტიკური ძვრები ან სხვა სიგნალების იმისთვის, რომ შეტევის გადაწყვეტილება მიიღოს.
„ჰამასი სულ ასე იქცევა იმიტომ, რომ ეს ტერორისტული დაჯგუფებაა. ჩვენ ვსაუბრობთ რადიკალურ, ფუნდამენტალურ დაჯგუფებაზე, რომელსაც სურს, რომ საკუთარი რწმენა და სარწმუნოება მოახვიოს თავს ყველას. ეს არის კონკრეტული რელიგიის რადიკალური ინტერპრეტაცია და ამის გავრცელება სურთ ყველაზე. ჰამასი ძალიან დიდი ხანია კლავს ჩემს ხალხს. ეს არ არის ახალი ფენომენი. ვხედავთ, რომ ისინი იყენებენ ყველანაირ რესურს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, დახოცონ ჩემი ხალხი და ფარად აიფარონ საკუთარი ხალხი. არ ვფიქრობ, რომ მათ რაიმე როდესმე დამატებითი მიზეზი სჭირდებათ“ – თქვა ელჩმა „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.
ამ დროისთვის და ჩვენ ამ შემთხვევაში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვეყრდნობით, ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 1400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაჭრილთა რაოდენობა 3000-ს აღწევს. ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელის ტერიტორიაზე მოკლულია 1500 პალესტინელი ტერორისტი.