მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში დროებითი დასაქმების მიზნით, საქართველოს 760 მოქალაქე დარეგისტრირდა

6075479846ce2
ინგა მურუსიძე
13.04.21 11:37
1001
24 საათში პორტალ workabroad.moh.gov.ge-ზე ისრაელში დასაქმების მსურველი საქართველოს 760 მოქალაქე დარეგისტრირდა. ინფორმაცია bm.ge-ს დასაქმების სააგენტოდან მიაწოდეს.

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო.

რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

სამუშაოს ხანგრძლივობა არის სრული განაკვეთი, 6 სამუშაო დღე კვირაში, 42 საათი კვირაში. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში, 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით, 5300 შეკელი იქნება, რაც 2021 წლის მარტის კურსის შესაბამისად, 1600 აშშ დოლარის ეკვივალენტია.

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე.

სამუშაო ადგილების კვოტა - იგეგმება საქართველოს 1000 მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
განათლება:
საშუალო სკოლადამთავრებული;
სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.
ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

ზოგადი მოთხოვნები:
• საქართველოს მოქალაქე;
• ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
• სიმაღლე: არანაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არანაკლებ 45 კგ;
• ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
• ნასამართლეობის არმქონე;
• ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;
• არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
• არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
• კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;
• კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად (აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით).

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს https://www.facebook.com/worknet.gov.ge  ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 1505.