მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში ქართველები ლეგალურად დასაქმდებიან - მემორანდუმი გაფორმდა

5f75ada02294a
ინგა მურუსიძე
01.10.20 14:26
2981
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანი, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება და შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაა.

“ჯანდაცვის მინისტრმა და ისრაელის ელჩმა საქართველოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს. მემორანდუმი საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობას ითავლისწინებს,რათა საქართველოს მოქალაქეებმა ისრაელში უსაფრთხოდ და ლეგალურად იმუშაონ. ეს ის დეტალებია,რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისათვის ცნობილი მას შემდეგ გახდება, როცა კონკრეტულად განხორციელების პროტოკოლზე და მექანიზმებზე შევთანხმდებით. ამის შემდეგ კი მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია  გუშინ გაავრცელა საქართველოში ისრაელის საელჩომაც. როგორც საელჩოს განცხადებაში წერია, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ უცხოელი დამხმარე პერსონალის ხანგრძლივი მოვლენის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით მიმართა.

„მემორანდუმი შექმნილია საქართველოდან ასობით დამხმარე მუშაკის შერჩევის და დროებითი დასაქმების ხელშესაწყობად ისრაელის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკული ან კომპლექსური დაავადებებისა და/ან შეზღუდული (ფიზიკურად ან კოგნიტურად) შესაძლებლობების მქონე პირებს უვლიან. დიპლომატების, საჯარო მოხელეების, იურისტებისა და ექსპერტების გუნდი ორივე ქვეყნის სამთავრობო უწყებებიდან დაუღალავად მუშაობდნენ ბოლო თვეების განმავლობაში, რათა შერჩევის, ტრენინგისა და დასაქმების სისტემა ყოფილიყო სამართლიანი, ეფექტური და ქმედითი. მთლიანი პროცესის განხორციელება, მონიტორინგი და ზედამხედველობა იწარმოებს შესაბამისი სამთავრობო უწყებების მიერ, ორივე მხარის იურისდიქციასთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის ხანგრძლივი მოვლენის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით. ეს ფაქტი ასახავს როგორც ღრმა მეგობრულ კავშირებს ორ ერს შორის, ასევე შესანიშნავ საქმიან ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნების მთავრობებსა და საელჩოებს შორის. ისრაელის საელჩოს სურს განსაკუთრებით აღნიშნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას და ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის (წინა თანამდებობაზე ყოფის პერიოდში) განსაკუთრებული წვლილი“, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელში საქართველოს მოქალაქებიის დროებით დასაქმების მიზნით ისრაელსა და საქართველოს მთავრობებს შორის, ნოტების გაცვლის მიზნით მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობამ დადგენილება 2019 წლის 8 ივლისს გამოსცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები