მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: უნდა ვიყოთ ძალიან მგრძნობიარეები, რათა ვალი ზემოთ არ გაგვექცეს

5fd8a4f95f6bc
ინგა მურუსიძე
15.12.20 16:45
997
2021 წელს მთავრობა 5.27 მილიარდი ლარის ახალ სესხებს აიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალი მშპ-ის 60%-ს ასცდება.“2021 წლის ბოლოსათვის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი (არ მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის ვალს და მოიცავს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აღებულ ვალს) განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მთლიანი მოცულობის მიმდინარე ღირებულების (მშპ-ის 0.7%) გათვალისწინებით, შეადგენს 60.8%-ს (კანონით განსაზღვრული ზღვარი მშპ-ის 60% შეადგენს). რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33.67 მილიარდი ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27.73 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5.94 მილიარდი ლარის ოდენობით. მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57.6% პროცენტი იქნება,”- ნათქვამია ბიუჯეტის განმარტებით ბარათში. 

სწორედ სახელმწიფო ვალის კრიტიკულ ზღვარზე დაუსვა დღეს მედიამ კითხვა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ივანე მაჭავარიანს, რომელმაც უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. 

"ვალი არის მნიშვნელოვანი გამოწვევა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვქონდა ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა. ხშირად ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა არ არის ჩვენთვის საკმარისი, მაგრამ საკითხს უნდა შევხედოთ ასე - რის ხარჯზეა ზრდა 5%-იანი? - დაბალი დეფიციტის პირობებში, ვალის არგაზრდის პირობებში, მიმდინარე ანგარიშის და სავაჭრო ბალანსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების პირობებში. გაცილებით უკეთესია ასეთი 5%-იანი ზრდა, ვიდრე იყოს 7%-იანი ზრდა და გვქონდეს მაღალი დეფიციტი. ეს იყო ძალიან ჯანსაღი რამდენიმე წელი. ამ პერიოდში ვალის ნაწილში 40%-ის ფარგლებში ვიყავით, პლიუს-მინუსით. დღეს გვაქვს გამოწვევა, მოგვიწია ნახტომისებურად 60%-მდე ასვლა, ეს თავისთავად არ არის საგანგაშო, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალ წლებში ამ საკითხის მიმართ ვიყოთ ძალიან მგრძნობიარეები, რათა ვალი არ გაგვექცეს ზემოთ და იდეალურ შემთხვევაში შემდეგი 4-5 წლიან პერიოდში მოვახერხოთ ვალის შემცირება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.