მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: წყალტუბოს პროექტი გააერთიანებს მომიჯნავე რეგიონებსა და სექტორებს

5dc1dd274906a
BM.GE
06.11.19 00:32
891
წყალტუბოს პროექტი გააერთიანებს მომიჯნავე რეგიონებსა და სექტორებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემა „არენაში" წყალტუბოს აღორძინების პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, პროექტი ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ აქტივობას.


„პროექტის მიხედვით, გაკეთდება 22 სასტუმრო, 9 სპა კომპლექსი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თუმცა, აქ გადამწყვეტია არა ის, რამდენი ადამიანი დასაქმდება მშენებლობაზე, ან ეკონომიკაში რა წვლილი ექნება სამშენებლო პროცესს, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანია, რა მოხდება შემდეგ. შემდეგ მოხდება ძალიან სერიოზული რამ - მოხდება მთელი ეკოსისტემის შექმნა მომიჯნავე რეგიონებთან, სოფლებთან, მომიჯნავე სექტორებთან და ინდუსტრიებთან. რა მაქვს მხედველობაში... ჩვენ ვსაუბრობდით ტურისტების დიდ რაოდენობაზე, აუცილებელია მათი კვებით უზრუნველყოფა. შესაბამისად, ბუნებრივად განვითარდება სოფლის მეურნეობა, მეღვინეობა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ რეგიონში შენდება კავკასიის მასშტაბით უდიდესი საუნივერსიტეტო კომპლექსი, ჩვენ საბოლოო ჯამში, მივიღებთ ტურისტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრს... როდესაც ამ ტიპის ინფრასტრუქტურა გაქვს, ბევრი კარგი სიურპრიზი გელოდება და არა მხოლოდ იმ დარგში, რომლისთვისაც ეს ინფრასტრუქტურა გაკეთდა. შესაბამისად, ვფიქრობ, წყალტუბოს პროექტი დასავლეთ საქართველოს სერიოზულ გამოცოცხლებას გამოიწვევს და სერიოზულ სტიმულს მისცემს ეკონომიკურ აქტივობას," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოში 22 სანატორიუმს და 9 აბანოს ღია, კონკურენტულ აუქციონზე შეიძენს. მისივე თქმით, პროექტს სამი წლის განმავლობაში დაასრულებს. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში, ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ, თუ როდის გაიმართება აუქციონი და რა საინვესტიციო ვალდებულებით გაყიდიან 15 სანატორიუმს, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა. ამ დრომდე უცნობია, რას ფიქრობენ ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე კერძო სანატორიუმების და აბანოების მფლობელები.