ქართულ-ესტონური ჩაის ბრენდი Renegade Tea Estate, რომელიც წყალტუბოში ჩაის პლანტაციებს ფლობს, მაისიდან მომხმარებელს უფასო ე.წ. Self-guided ტურებსაც შესთავაზებს. როგორც bm.ge-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა, ესტონელმა კრისტიინა მეჰიკმა განუცხადა, გიდების თანხლებით ტურებს პლანტაციასა და საწარმოში ვიზიტორებს ბოლო სამი წელია სთავაზობენ.
“ვუმასპინძლეთ არაერთ უცხოელ ვიზიტორს, მათ შორის გერმანიიდან, პოლონეთიდან, სამხრეთ კორეიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან. წელს სიახლე გვექნება - უფასო ე.წ. self-guide ტურები. ყველას შეუძლია მოსვლა პლანტაციაში და ნახვა როგორ იზრდება ჩაი და როგორ იწარმოება, ასევე სხვადასხვა ჩაის დაგემოვნებაც. მაისიდან უკვე შესაძლებელი იქნება ამ შეთავაზების ამოქმედება და სტუმრების მიღებაც”, - აღნიშნა კრისტიინა მეჰიკმა.
ცნობისთვის, Renegade Tea Estate წყალტუბოში წარმოებულ მაღალი ხარისხის ჩაის ექსპორტს მსოფლიოს 40 ქვეყანაში ახორციელებს. 2017 წელს დაფუძნებული წარმოება აქცენტს სწორედ ექსპორტზე აკეთებს და ქვეყნის გარეთ ელექტრონულად პროდუქციის 98% ყიდის. ხოლო მცირე რაოდენობით ადგილობრივად საწარმოში, ან რესტორან “ნამუში” რეალიზდება.
Renegade Tea Estate-ს ძირითადი საექსპორტო ბაზარი გერმანია, ესტონეთი და აშშ-ია, თუმცა წყალტუბოში მოყვანილი ჩაი ისეთ ქვეყნებშიც იყიდება, როგორიცაა ახალი ზელანდია და ნორვეგია.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, გასულ წელს Renegade Tea Estate-მ 3000 კგ ჩაი აწარმოა. “ვიმედოვნებით, რომ ჩვენი წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად, უფრო მეტად ვიქნებით ადგილობრივ ბაზარზეც წარმოდგენილი”, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ Renegade Tea Estate-ის მიერ წარმოებული ჩაის თითქმის სრული მოცულობა ექსპორტზე გადის, ბოლო რამდენიმე წელი კომპანიისთვის გამოწვევებით სავსე იყო ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების გამო. “ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მსოფლიოში საერთო ეკონომიკური ვითარებაც არასტაბილურია. წლევანდელ ჩვენს გეგმას კომპანიის სტაბილურობის მიღწევა წარმოადგენს. რა თქმა უნდა, კვლავ ვმუშაობთ ახალი პროდუქციის დამატებასა და ახალ ბიზნეს მიმართულებებზეც”, - აღნიშნა კრისტიინა მეჰიკმა.
ესტონური ბიზნესი წყალტუბოში მოსავლის აღების სეზონზე 35-40 ადამიანს ასაქმებს პლანტაციაში, ყველა მათგანი ახლომდებარე სოფლებიდანაა. ხოლო ქარხანასა და ოფისში მომუშავე ადამიანების ჩათვლით დასაქმებულია 50 ადამიანი.
Renegade Tea Estate-ის საწარმოში, რომელიც ესტონელებმა 7 წლის წინ დააფუძნეს, უკვე 1 მლნ ევროს ინვესტიციაა ჩადებული. კომპანია დაახლოებით ათი სახეობის მაღალი სეგმენტის ჩაის აწარმოებს, რომელთა ფასი 50 გრამზე 8 ევროდან იწყება.