მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა ვიზრუნოთ, რომ მხოლოდ 1-2 დღიანი ღამისთევის მიზნით არ გვყავდეს ვიზიტორები - წყალტუბოს განვითარების ჯგუფი

წყალტუბო

წყალტუბოს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში კურორტზე ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა შემცირებულია.

როგორც თეონა ქობულაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, წყალტუბოს კვლავ სტუმრობენ სპა და გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის, თუმცა მისი თქმით, ტურისტების ვიზიტების ხანგრძლივობა ძირითადად 1-2 ღამეა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ წყალტუბოში სხვადასხვა ტიპის ტურისტული სივრცეები და ინფრასტრუქტურა განვითარდეს.

“პოსტკოვიდ პერიოდმა საკმაოდ თვალსაჩინოდ დაგვანახა, რომ იკლო ტურისტების რაოდენობამ. როგორც მოგეხსენებათ, წყალტუბო არის სპა, სამკურნალო კურორტი და მისი ნიშა არის სამკურნალო ტურიზმი. ამ მიმართულებით გვყავს დამსვენებლები, დატვირთულია ყველა არსებული სპა ცენტრი. თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის სერვისების გამრავალფეროვნებაზეც, რაც გარკვეული გამოწვევაა, ვინაიდან სამკურნალოდ ჩამოსული ვიზიტორი ჩერდება მაქსიმუმ 10 დღე და მას აქვს კონკრეტული მიზანი, რომ გაჯანსაღდეს.

მაგრამ ვიზიტორები, რომლებიც უბრალოდ ჩამოდიან ერთი-ორი დღით, მათ არ აქვთ დროის საინტერესოდ გატარების საშუალება და მხოლოდ ლამაზი პარკი, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავი და მიმზიდველია, არ არის ხოლმე საკმარისი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოს ყველა ქმედება და მდგრადი განვითარება გვჭირდება, ამისათვის აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მხოლოდ ერთდღიანი და ორდღიანი ღამისთევის მიზნით არ გვყავდეს ვიზიტორები. ვიზრუნოთ იმ პოტენციალის გამოყენებაზე ტურიზმის მიმართულებითაც, რაც გვაქვს. შეიძლება ეს იყოს სათავგადასავლო ტურიზმი, აგროტურიზმი, კურორტის ფარგლებსაც რომ გავცდეთ და ვისაუბროთ ჩვენს სოფლებზეც.

ვფიქრობ, ტურიზმის განვითარების სტრატეგიის, გეგმის შემუშავება, მარკეტინგის მიმართულებით სწორი ნაბიჯების დაგეგმვა და განხორციელება იქნება სწორედ ის, რაც ტურისტებისთვისაც და ინვესტორებისთვისაც საინტერესოს გახდის ჩვენს კურორტს და მუნიციპალიტეტს ზოგადად”, - განაცხადა თეონა ქობულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები