მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს - მორიგი განცხადება

6283aa1debea4
შოთა ტყეშელაშვილი
17.05.22 18:02
2994
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან დავაზე მორიგ განცხადებას აკეთებს. გამოცემა PRnewswire.com-ზე ივანიშვილის განცხადებას აქვეყნებს, სადაც მითითებულია, რომ ისინი მოელიან ბანკისგან ბერმუდის სასამართლოს განაჩენის აღსრულებას, სადაც ბანკმა $600 მილიონიანი დავა წააგო. ივანიშვილი ასევე აცხადებს, რომ სექტემბერში მოელიან სინგაპურის მიერ სარჩელის განხილვის დაწყებას, სადაც $800 მილიონზე დავობს. ამასთანავე, ექს-პრემიერი აცხადებს, რომ Credit Suisse-ი განაგრძობს “პოლიტიკურ” ზეწოლას მასზე.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება:

"11 და 14 აპრილს დამატებითი ინსტრუქციები გაიცა და მეურვემ კიდევ ერთხელ გადადო გადახდა ყოველგვარი სათანადო დასაბუთებისა და არგუმენტებზე დაფუძნებული განმარტების გარეშე. კლიენტი კვლავ პასუხობდა მეურვის შეკითხვებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის 29 აპრილის პასუხზე, თუმცა მეურვემ ახალი „ანტირეკორდი“ დაამყარა ტრასტის პირობებისა და ბენეფიციარების ძირითადი უფლებების უხეში დარღვევით.

მეურვე არასათანადოდ მას შემდეგ მოიქცა, რაც ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო CS Life-ის წინააღმდეგ (Credit Suisse-ის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია) და მას დაავალა მოსარჩელეებისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა. სექტემბერში დაგეგმილია სასამართლო პროცესი სინგაპურის სასამართლოში Credit Suisse-ის მიერ დანიშნული მეურვეების ქმედებების შედეგად 800 მილიონ დოლარზე მეტი ზარალის მიყენების თაობაზე.

"ის ფაქტი, რომ გერნსში Credit Suisse-ის შვილობილმა კომპანიამ ვერ შეასრულა 11 აპრილის ინსტრუქციები, ბანკის ქცევის მოდელზე მიუთითებს, რომელიც არ ემსახურება ბენეფიციარების ინტერესებს და არღვევს შესაბამის სტანდარტებს. უფრო მეტიც, ეს გვაფიქრებინებს, რომ Credit Suisse-ი ცდილობს გამოიყენოს პოლიტიკური ზეწოლა, როგორც საშუალება, რათა შელახოს ბატონი ივანიშვილის რეპუტაცია და ზუსტად ასე უნდა იყოს ეს კვალიფიცირებული. სამწუხაროდ, ჩვენ აღარ ვართ გაკვირვებულნი ამ ქმედებებით, თუ გავითვალისწინებთ Credit Suisse-ის ურთიერთობების ისტორიასა და სასამართლო პროცესებს, რომელსაც კლიენტი აწარმოებს სხვადასხვა იურისდიქციაში. ექსტრაორდინარულად მიგვაჩნია ის, რომ Credit Suisse-ი განაგრძობს თავისი მოვალეობების შეუსრულებლობასა და კლიენტების უპატივცემულობას, როდესაც ბანკი ამდენი პრობლემის წინაშე დგას. ეს კიდევ ერთი შეფერხება ყოველგვარი საფუძვლისა და დამაჯერებელი მიზეზების გარეშე არ წარმოადგენს გამონაკლისს Credit Suisse-ის ქცევის მოდელში და კლიენტის უფლებების დარღვევა ბანკის ერთადერთი შეცდომა არ არის," - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი.

მაშინ, როდესაც Credit Suisse-ი ახალი "ანტირეკორდის" დამყარების პროცესშია, ისიც უნდა ითქვას, რომ Credit Suisse-ის მიერ კლიენტის უფლებების დარღვევა შვეიცარიის სასამართლოებში გრძელდება. სასამართლოების ასეთი ჩართულობის გამო, Credit Suisse-ის ვალდებულება კლიენტისთვის ვალის დაფარვის შესახებ შეუსრულებელი დარჩა არა 36 დღის, არამედ 36 თვის განმავლობაში. ოთხშაბათს დამატებითი მასალა გამოქვეყნდება, რომელიც დეტალურად აღწერს, თუ როგორ იყენებს Credit Suisse-ი სასამართლო სისტემას დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და საბანკო სტანდარტების დარღვევისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.