მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი დაობს ბიტკოინებზე, როცა შეთანხმებაში კრიპტოვალუტის განაწილებაზე არაფერი ეწერა - ადვოკატი

64b67bea6ccb3
შოთა ტყეშელაშვილი
18.07.23 16:10
1279
გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილი ბრალის შესახებ დეტალურად ისაუბრა. ივანიშვილი დაობს, რომ $5 მილიონის სესხით, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიაზე “ქართუ ბანკის” მიერ გაიცა, ბაჩიაშვილმა განახორციელა წარმატებული ინვესტიცია კრიპტოვალუტების მოპოვებაში და წმინდა მოგების სახით, 2017 წლის მდგომარეობით, 8,253 ბიტკოინი მიიღო, რაც აღნიშნულ პერიოდში 39 მილიონი დოლარი ღირდა, თუმცა საქმე იმაშია, რომ აღნიშნულ საკრედიტო ხელშეკრულებაში კრიპტოვალუტის განაწილების შესახებ არაფერი იყო ნათქვამი.

გიორგი ბაჩიაშვილის იურისტის განმარტებით, საქმე გვაქვს აბსურდულ ბრალთან.

“გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კრიპტოვალუტის ბიზნესში აქტიურად ინვესტირება და სჯეროდა ამ ტექნოლოგიების პერსპექტიულობის. მან 2015 წელს პირადად მიაღწია შეთანხმებას "ბითფიურისთან", კერძოდ "ბითფიური" თანახმა იყო, რომ ბაჩიაშვილთან გაეფორმებიანა ერთწლიანი კონტრაქტი კრიპტოვალუტის მაინიგის შესახებ, რომლის ღირებულება განისაზღვრა 6,3 მილიონი დოლარით. საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი კონტრაქტი.

გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული დროისთვის მობილიზებული ჰქონდა 1,3 მილიონი დოლარი, ესაჭიროებოდა სესხი 5 მილიონის ოდენობით და ვინაიდან მას საკუთარი თანამონაწილეობის გარდა არ ჰქონდა სხვა უზრუნველყოფა, მარტივი არ იყო ბანკში სესხის აღება. დიდი ხნის საქმიანი და პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მან ბიძინა ივანიშვილს სთხოვა დახმარებოდა "ქართუ ბანკში" სესხის აღებაში. აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მანამდე სხვა არაერთ პირსაც დახმარებია სესხის აღებაში. საბოლოოდ, ბაჩიაშვილის კომპანიამ ბანკ "ქართუსგან" 1 წლის ვადით აიღო სესხი 5 მილიონი დოლარის ოდენობით, წლიურ 12 პროცენტად. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა სესხის აღების სხვა ალტერნატივა, რაზეც მან დეტალურად ისაუბრა გამოკითხვისას, უბრალოდ ბანკი ქართუს პირობები იყო უფრო მისაღები.

ზუსტად 1 წელიწადში და რამდენიმე თვეში, ბაჩიაშვილის კომპანიამ ბანკი "ქართუს" კრედიტი დაფარა სრულად პროცენტის ჩათვლით.

სიცრუეა იმის განცხადება, თითქოს ბაჩიაშვილს არანაირი რისკი არ გაუღია და უზრუნველყოფა არ მოუხდენია, საქმეში არის წარმოდგენილი მასალები, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ საბანკო კრედიტის აღებისას ბაჩიაშვილის პირადი თანამონაწილეობა 1,3 მილიონი დოლარი იყო. ლოგიკურად მარტივად გასაგებია, რომ ბიზნესის წარუმატებლობის შემთხვევაში, პირველი სწორედ გიორგი ბაჩიაშვილი დაკარგავდა 1.3 მილიონ დოლარს.

ასევე ტყუილია, რომ კრედიტი ბიძინა ივანიშვილის პირადი გარანტიით გაიცა. სიმართლე მდგომარეობს შემდეგში: ბანკმა გასცა არაუზრუნველყოფილი კრედიტი 2015 წლის აგვისტოში და მხოლოდ 7 თვის მერე, საბანკო რეგულაციების გამო 2016 წლის 1 მარტიდან 5 მაისამდე (2 თვე მოხდა კრედიტის უზრუნველყოფა ივანიშვილის მიერ), კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ საბანკო რეგულაციის გამო. ამასვე ადასტურებს თავად ბატონი ივანიშვილი საკუთარი გამოკითხვის ოქმში.

არავითარ პარტნიორობაზე საუბარი არ იყო. ეს იყო ჩვეულებრივი მიზნობრივი სასესხო ხელშეკრულება, რომელიც გაცემული იყო ბაჩიაშვილის კომპანია Mission Gate-სა და Bitfury-ის შორის გაფორმებული კონტრაქტის ანგარიშსწორების განსახორციელებლად. ასევე უნდა დავამატო, რომ ბაჩიაშვილს ჰქონდა სხვა ალტერნატივებიც ამ 5 მილიონი დოლარის სესხად აღების, როგორც მან გამოძიიებაშიც განმარტა, თუმცა ბანკის მიერ შეთავაზებული თუნდაც 12%-იანი განაკვეთი ბიზნესისთვის იყო უფრო მისაღები,” - განმარტავს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი.

შეგახსენებთ, 6 ივლისს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა. მას სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები