მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი განმარტავს, რატომ გადააფორმა ბიზნესები "ფონდ ქართუზე"

5ffca44d941a8
BM.GE
11.01.21 23:10
3517
პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი entrepreneur-თან ინტერვიუში განმარტავს, რატომ გადააფორმა ბიზნესები და უძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდა, "ფონდ ქართუზე". როგორც ცნობილია, საჯარო რეესტრში ცვლილებები 2020 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში დარეგისტრირდა. 

ყველაზე მსხვილი ცვლილება 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, როდესაც “ტურიზმის განვითარების ფონდი”, რომლის საკუთრებაშიც თავისმხრივ “პანორამა თბილისის” მშენებარე ობიექტები და “პარაგრაფ შეკვეთილი” შედიან ქართუ ფონდს გადაეცა. ცვლილებამდე ამ კომპანიების 100%-იან წილს პანამური FRANKSTON INTERNATIONAL S.A. ფლობდა. კომპანიის საწესდებო კაპიტალის მოცულობა 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 580 მილიონი ლარი იყო. 

ტურიზმის განვითარების ფონდის შემადგენლობაში შედის - “თაბორი რიზორთსი”; “სოლოლაკი ჰილზი”; განმუხურში მშენებარე სასტუმროს პროექტი, ასევე უძრავი ქონება ჩაქვსა და აბასთუმანში. 

მესაკუთრე შეიცვალა “ქართუ ჯგუფის” სათაო ოფისმაც, რომელიც ჭავჭავაძის 39ა-ში მდებარეობს. ამავე შენობაშია განთავსებული “ქართუ ბანკის” სათავო ოფისი. 

2020 წლის 31 დეკემბერს მესაკუთრე შეეცვალა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სამშენებლო და საინჟინრო კომპანიებს - “ელიტა ბურჯსა” და “ბურჯს”, ორივე მათგანი “ფონდ ქართუზე” გადაფორმდა. თავად “ელიტა ბურჯი” არაერთი შვილობილი კომპანიის მფლობელია, რომლებიც უძრავ ქონებას ფლობენ თბილისში ჭორვილაში; ბათუმსა და ბაკურიანში. 

მესაკუთრის ცვლილება არ შეხებია “თანაინვესტირების ფონდის” მმართველობაში არსებულ პროექტებს. შესაბამისად “აქსის თაუერსის”; “გალერია თბილისის”; ასევე მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების მფლობელი უცვლელია. 

“საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუს” დამფუძნებელია სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფი”, ქართუ ჯგუფის მესაკუთრეთა სია კი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ოფშორული კომპანიებია, კერძოდ - ჯგუფის მესაკუთრეთა სია ასე ნაწილდება: 

• Krista Investments – 48.324%; 
• Sargans limited – 45.353%; 
• Tarpan – 1.092%; 
• Agroservice LLC – 4.243%; 
• Interinvest LLC – 0.988 %.


entrepreneur-თან ინტერვიუში ივანიშვილი განმარტავს, რატომ განახორციელა ზემოთაღნიშნული ცვლილებები.

"თუ არ ვცდები, სწორედ თქვენი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ვახსენე, რომ საბოლოოდ, ჩემი ქონების არანაკლებ 90%-ს საზოგადო და საქვეყნო საქმეს მოვახმარდი. თუმცა, ამ განცხადებას მაშინ მედიისგან და საზოგადოებისგან სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია. სინამდვილეში, სწორედ იმ პროცესის ლოგიკურ გაგრძელებასთან გვაქვს საქმე, რომლის თაობაზე გადაწყვეტილება ადრე მივიღე, წელიწადნახევრის წინ კი, თქვენთან ინტერვიუშიც განვაცხადე. სხვათა შორის, არამარტო თქვენთან ინტერვიუში მაქვს ეს პოზიცია გამოხატული, რამდენიმე საერთაშორისო გამოცემასთანაც მაქვს ეს დაფიქსირებული, მაგრამ ამ განცხადებებს შესატყვისი რეზონანსი არ მოჰყვა და სიმართლე გითხრათ, არც მიცდია ზედმეტად ამ თემის პედალირება.

აქტივებს რაც შეეხება, მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის, ერთადერთი პირობით – არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნეს–პროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანმდევი დადებითი პროცესები უნდა მოჰყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში.

რაც შეეხება აქტივების ადმინისტრირებას ფონდის განკარგულებაში გადასვლის პირობებში, ეს თავად ფონდის გადასაწყვეტი იქნება – შესაძლოა, ნაწილი მალევე გაყიდოს, ნაწილის ექსპლუატაცია გაგრძელდეს. თუმცა, ვფიქრობ, სჯობს, მალე გასხვისდეს და მალე გადავიდეს ფონდიდან ბიზნესის ხელში. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომელიმე აქტივზე დროზე ადრე უარის თქმას და ნაადრევად დაბალ ფასში გასხვისებას – თუ ბიზნესის მხრიდან გაკეთებული შეთავაზება საგრძნობლად დაბალი იქნება მის საბაზრო ფასთან შედარებით, ფონდი გააგრძელებს მის მართვას მანამ, სანამ შესაფერის წინადადებას არ მიიღებს. სასტუმროების შემთხვევაში, შესაძლოა, უკეთესიც იყოს მათი რამდენიმე წლის შემდეგ გასხვისება, რადგან პოლიტიკურ სტაბილურობასთან და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მათი ფასიც გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში, ისევ ფონდის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების ხარისხზე და მასშტაბებზე ჰპოვებს დადებით ასახვას"- თქვა ივანიშვილმა.