მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ქართული ბანკების სესხებმა ₾43.6 მილიარდს მიაღწია

62d7d3c928c5b
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.22 14:06
703
2022 წლის ივნისში საქართველოს საბანკო სექტორის მიერ გაცემული კრედიტების მოცულობამ 43.6 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 533 მილიონი ლარით ანუ 1.2%-ით მეტი იყო. საქართველოს საბანკო ასოციაციის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საკრედიტო პორტფელი 11.3%-ით მეტია.

საქართველოს საბანკო ასოციაციის თანახმად, კონკრეტული ბანკების მიხედვით, კრედიტების მოცულობის პირველ პოზიციას “თიბისი ბანკი” იკავებს, რომლის სესხების მოცულობაც 17.05 მილიარდი ლარია. მეორე ადგილზეა “საქართველოს ბანკი” 15.79 მილიარდი ლარის სესხებით, მესამე ადგილს ინარჩუნებს “ლიბერთი” 2.32 მილიარდის საკრედიტო პორტფელით, ბაზის ბანკის სესხების მოცულობა კი 2.03 მილიარდი ლარია.

ლარის გამყარების ფონზე, მცირდება დოლარში გამოსახული სავალუტო კრედიტების ნაშთი. შედეგად, ივნისში კრედიტების ლარიზაციის წილი 51.36%-მდე გაიზარდა.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის ინფორმაციით, იზრდება საპროცენტო განაკვეთები სესხებზე. შედეად, საშუალო განაკვეთმა 11.26%-საც მიაღწია (მატება წინა კვარტალთან 0.3 პ.პ), საცალო სესხების განაკვეთი 13.23%-მდე გაძვირდა (მატება წინა კვარტალთან 0.25 პ.პ). ამასთან, საბანკო ასოციაცია მოელის, რომ თანდათანობით გაიზრდება განაკვეთები უცხოურ ვალუტაში, რაც FED-ის და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დოლარის და ევროს ფინანსური რესურსის გაძვირებას უკავშირდება.