მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მნიშვნელოვანია სებ-ის ახალი პრეზიდენტის ხედვა“ - საქართველოს საბანკო ასოციაცია

648c3cc2ee4d6
თელარა გელანტია
17.06.23 01:00
680
სტატიაში საუბარია:
საქართველოს საბანკო სექტორი სებ-ის ახალი პრეზიდენტის მოლოდინშია. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, „მნიშვნელოვანია ახალი პრეზიდენტის ხედვა“.

საქმე ის არის, რომ მარტიდან, მას შემდეგ, რაც კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ორგანულ კანონში შეიტანა ცვლილება, რომლითაც შემოდის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის საბჭოს ორი წევრის წარდგინებით, ამავე საბჭომ უნდა აირჩიოს. სიახლეა ისიც, რომ თუ დღეს სებ-ს სამი ვიცეპრეზიდენტი ჰყავს, დროებით, წლის ბოლომდე, მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ჩნდება.

„წერტილთან“ ინტერვიუში „საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, სებ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევა.

„ყველაზე კარგი დასასრული იქნება, თუ პრეზიდენტი იქნება არჩეული. საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხებია წამოწეული და მიმდინარე პროცესშია ეროვნული ბანკის მხრიდან; საკმაოდ მნიშვნელოვანია ის ციფრული განვითარება, რაზეც ორიენტირი აქვს ეროვნული ბანკს. ამ ყველა პროცესს მშვიდი, წყნარი გაგრძელება და ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი სჭირდება“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ, თუმცა იქვე დასძინა, რომ მარტიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკი პრეზიდენტის გარეშეა, არცერთი მიმდინარე საკითხი არ შეფერხებულა.

„ეროვნული ბანკი არის სტრუქტურა, რომლის დამოუკიდებლობასაც იცავს კანონი; მიმდინარე თემები გრძელდება, რადგან ყველას კონკრეტული ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თვალსაზრისით, არ შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე საკითხი შეფერხდა; კვლავინდებურად გრძელდება ახალი რეგულაციების შემოღება, მათ შორის მკაცრის, რაც შესაძლებელია სასიამოვნო იყოს ან არ იყოს კომერციული სექტორისთვის, მაგრამ გრძელდება.

უფრო მეტად მნიშვნელოვანია ახალი პრეზიდენტის ხედვა, მომავალი სტრატეგია და ის საკვანძო წერტილები, რაზეც ყურადღებას გაამახვილებს სებ-ის ახალი პრეზიდენტი. მოკლედ, უფრო მეტ სიახლეზეა საუბარი, რომელიც შეიძლება იყოს სასიკეთო ან არც ისე სასიამოვნო საფინანსო სექტორისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები