მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8%-იანი რეფინანსირების განაკვეთი საკმაოდ მკაცრია, გაზრდის ცალსახა წინაპირობა არ არსებობს - ძნელაძე

ალექსანდრე ძნელაძე

ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის მორიგ ჯერზე უცვლელად დატოვება მოსალოდნელი იყო - ამის შესახებ საბანკო ასოციაციაში აცხადებენ.

როგორც BMG-ის ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა, არსებული 8%-იანი განაკვეთი ისედაც საკმაოდ მაღალი ნიშნულია. შესაბამისად, მისი შეფასებით, ამ ეტაპზე დაჩქარებული ინფლაციის მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების წინაპირობა არ არსებობდა

“ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია და ბოლო მონაცემებით 5.2% შეადგინა. ფასების ფასების ზრდის ძირითადი ნაწილი პირველადი მოხმარების საგნების გაძვირებამ განაპირობა. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ის რჩება მკაცრ დონეზე. 8% საკმაოდ მკაცრი განაკვეთია. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ დღეს უკვე არსებობს იმისი ცალსახა წინაპირობა, რომ გაზრდილიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ბანკს ბევრად უფრო ოპერატიული და დიდი ინფორმაცია აქვს მოლოდინებთან დაკავშირებით, ცალსახად იმის თქმა, რომ [განაკვეთი] გაზრდილიყო თუ უნდა შემცირებულიყო, რთულია დღეს ამაზე ვიმსჯელოთ.

მეორე საკითხი ისაა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზების შუალედშია, ანუ მკვეთრად არ გაზრდილა და არ გადასცილებია იმ მაჩვენებლებს, რაც პროგნოზირებული იყო. 4.5% 5.5%-მდე იყო რეალურად პროგნოზირებული. ამისი წინაპირობა, გარდა იმ ეფექტებისა, რა ეფექტიც დღეს გვაქვს, არის ის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მნიშვნელოვნად დაბალი იყო ინფლაციის მაჩვენებელი. წლის ბოლომდე, როგორც ჩვენთვის ცნობილია და როგორი განცხადებაც გააკეთა ეროვნულმა ბანკმა, ისევ იმ ზომიერი ინფლაციის ჩარჩოებში იქნება ეს მაჩვენებელი და აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ გაზრდილიყო რეფინანსირების განაკვეთი”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, 5 ნოემბრის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად მეცამეტედ დატოვა. 2024 წლის 22 მაისის შემდეგ განაკვეთი 8%-ზე ნარჩუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები