მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო ასოციაციაში წელს ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის კლებას ელიან

ძნელაძე

საბანკო ასოციაციაში მიმდინარე წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის კლებას ელიან.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ BMG-სთან განაცხადა, ინფლაციის ტემპის შენელების ფონზე, მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს დამატებით შეამცირებს, რამაც ლარის სესხებიც უნდა გააიაფოს.

მისი მოლოდინით, წლიურ ჭრილში ახლად გაცემულ ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 1-2 პროცენტული პუნქტის ფარგლებში იქნება შემცირებული.

„2023 წელს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყო და 2024 წლის პირველივე სხდომაზე განაკვეთი დამატებით 0.5 პროცენტული პუნქტით 9%-მდე შემცირდა. მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე კიდევ შემცირდება რეფინანსირების განაკვეთი, რაც პირდაპირ გააიაფებს ლარში გაცემულ ცვლად განაკვეთიან სესხებს. რაც შეეხება ახალ შეთავაზებებს, ვფიქრობთ, რომ წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მთლიანობაში ამ მიმართულებით 1-2 პროცენტული პუნქტის ფარგლებში იქნება შემცირება“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

რაც შეეხება უცხოური ვალუტის სესხებს, საბანკო ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ ამ მიმართულებით უახლოეს თვეებში განაკვეთები არ შემცირდება.

„გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, გასულ პერიოდში ევროში და დოლარში განაკვეთები გაზრდილი იყო. ახლა მოლოდინია, რომ შესაძლოა, აშშ-სა და ევროპაში განაკვეთები მოსალოდნელზე ადრე შემცირდეს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ როგორც წესი, გლობალურად შეცვლილი მონეტარული პოლიტიკა საქართველოს ბაზარზე რამდენიმეთვიანი დაგვიანებით აისახება ხოლმე, არ უნდა ველოდეთ, რომ უახლოეს თვეებში ჩვენთან უცხოური ვალუტის სესხები გაიაფდება“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, ლარში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 15.12% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 8.76%.

ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე წლის 31 იანვარს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 9%-მდე შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა მომავალ კვირას, 13 მარტს ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები