მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სასურველი იქნებოდა არ ყოფილიყო ასეთი მკაცრი მიდგომა“ – „საბანკო ასოციაცია“ სებ-ის გადაწყვეტილებაზე

6478b18be771a
ელენე გოგბერაშვილი
01.06.23 22:15
1060
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოელების მიერ განთავსებულ დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაუორმაგა. სებ-ის შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში შემოსული კაპიტალი შესაძლოა დროებით ხასიათს ატარებდეს და არამდგრადი იყოს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ისინი განსხვავებული სახით იყოს ბანკების მიერ დარეზრევებული.

სებ-ის გადაწყვეტილება 1 სექტემბრიდან შევა ძალაში და ის რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის 40%-დან 80%-მდე გაზრდას ითვალისწინებს.

„სასურველი იქნებოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას რეკომენდაციის ხასიათი ჰქონოდა და ასეთი მკაცრი მიდგომა არ გამოეყენებინა“ - ასე აფასებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი სებ-ის მხრიდან რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის გაზრდის გადაწყვეტილებას. ალეკო ძნელაძის განცხადებით, ბანკებს ლიკვიდობის მაღალი მაჩვენებელი ისედაც ეჭირათ, ეს გადაწყვეტილება კი უცხოურ ვალუტაში სესხების ღირებულებას გაზრდის.

„აქ საუბარია რუსეთის მოქალაქეების მიერ განთავსებულ სადეპოზიტო პორტფელზე. ყველას აღქმული გვაქვს, რომ გარკვეული ტიპის რისკის მატარებელი შეიძლება იყოს მისი ერთბაშად გადინება. ვერ ვიტყვი, რომ ცალსახად ერთბაშად შეიძლება მოხდეს მისი გადინება, რადგან თუ უკანასკნელი პერიოდის დინამიკას დავაკვირდებით, როგორ არის შემოდინებები, ხარჯვითი ნაწილი გაეზარდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო გრძელვადიან გეგმებზე არიან ორიენტირებულნი ის ადამიანები, რომლებიც მიგრაციის შედეგად აღმოჩნდნენ საქართველოში. მეორე საკითხია, რომ აღნიშნულ მოზიდულ სახსრებს საბანკო სექტორი ისეთივე სიფრთხილით ეკიდებოდა, რაც იყო ამ კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღწერილი და ლიკვიდობის მაღალი მაჩვენებელი ისედაც ეჭირა. ეს გადაწყვეტილება, 80%-მდე ზრდა შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ 100%-ს აკუმულირებას ნიშნავს. პრაქტიკულად ამ თანხის გამოყენებაზე პირდაპირი აკრძალვაა.

ასევე იყო საუბარი, რომ უკანასკნელ პერიოდში შეინიშნებოდა ვალდებულებების დაფარვა ამ თანხებით და ა.შ. ხშირად გვიწევს ხოლმე ამასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება. მე მესმის, რომ ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ფრთხილობს შემდგომ გადაწყვეტილებებში, რადგან არასტაბილური მდგომარეობაა რეგიონში, არასტაბილურობაა მსოფლიოში ინფლაციის მხრივ, მაგრამ რაღაც დოზით და დონეზე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის ნდობა იყოს გამყარებული საბანკო სექტორის მიმართ, რომ ის არ გადადგამს მაღალ რისკიან გადაწყვეტილებას.

ეს გადაწყვეტილება უფრო მეტად არის გამკაცრება ანგარიშგებების კუთხით და აღრიცხვიანობის კუთხით, ვიდრე რეალურად შეიძლება რომ გარკვეულ მოთხოვნასთან დაკავშირებით საბანკო სექტორმა ან ვერ შეასრულოს ან დიდი წნეხი იყოს.

რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, უფრო სასურველი იქნებოდა რეკომენდაციის ხასიათი ჰქონოდა ამ გადაწყვეტილებას და არ ყოფილიყო ასეთი მკაცრი მიდგომა, მაგრამ რეალურად საბანკო სექტორი მზად არის ეს გადაწყვეტილება შეასრულოს და ამ თვალსაზრისით პრობლემები არ შეიქმნება“,-ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ისედაც იჭერდა ბანკი ლიკვიდობას ამ მიმართულებით, სებ-ის გადაწყვეტილება პირდაპირ პროპორციულად უცხოურ ვალუტაში სესხების ღირებულებაზე იმოქმედებს.

„სადეპოზიტო პორტფელთან მიმართებაში ისედაც არ აქვს საბანკო სექტორს ინტერესი მოზიდვის კუთხით და ეს აისახება კიდევაც იმ საპროცენტო განაკვეთებში, რაც სადეპოზიტო შეთავაზებებშია, ამიტომ რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მზარდ საპროცენტო განაკვეთს უცხოურ ვალუტაში, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“,-აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები