მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯანდაცვის სამინისტროდან 80-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს" - რეორგანიზაცია გრძელდება

5d9ae48c29c39
ელენე გოგბერაშვილი
07.10.19 11:24
2277

TV „ფორმულა ნიუსის“ ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროდან 80-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათივე ცნობით, გათავისუფლებულთა შორის ძირითადად  ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს კადრები მოხვდნენ. ცვლილებები თითქმის ყველა დეპარტამენტს და მათ ხელმძღვანელ პირებს შეეხო.


დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, bm.ge ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრეს-სამსახურში გვითხრეს, გააკეთებენ თუ არა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულებამდე აღნიშნულ საკითხზე კომენტარს, დღეს გადაწყდება. 


bm.ge-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის უწყება თანამშრომელთა ნაწილმა უკვე დატოვა. როგორც წყარო გვიყვება, თანამშრომლებს აიძულებენ, წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერონ.


შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროდან თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის უწყება ჩაიბარა და სამინისტროში რეორგანიზაცია გამოაცხადა.


თანამშრომელთა შესაძლო გათავისუფლების შესახებ განმარტება მაშინ bm.ge-ისთან მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა. მან თქვა, რომ უწყებაში დასაქმებულებს სტანდარტული გაფრთხილება დაეგზავნათ და ეს არ ნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შემდეგ ისინი თანამდებობებს დატოვებდნენ.


„24 ივლისს გამოიცა მინისტრის ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და ასევე მის დაქვემდებრებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. აქ არის გამაფრთხილებელი განცხადება, რომელიც ასევე სტანდარტული პროცედურის ნაწილია. თანამშრომლები გაეცნენ ამ განცხადებას, რომ მას შესაძლოა, მოჰყვეს სტრუქტურული ცვლილებები და საშტატო ერთეულების შემცირება. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე თანამშრომელს კონკრეტული რისკი აქვს სამსახურის დაკარგვის“, - განმარტა გაბუნიამ.