მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგი იქნება თუ ბიზნესების გახსნის ვადა 2–3 კვირით გადმოიწევს – სოსო ფხაკაძე

5eac7d54013aa
თამთა ჯიჯავაძე
01.05.20 23:47
1432
ყველაზე მთავარი პრობლემა დღეს რაც ბიზნესშია, არის ის, რომ ბიზნესს უჭირს ლიკვიდურობის მართვა, – ამის შესახებ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს კიდევ უფრო ნათელი გახდება თანდათანობით, ვინაიდან ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილია გაჩერებული, შესაბამისად, ლიკვიდურობასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ.

„თავად ის სექტორები, რომლებიც ამ პერიოდში მუშაობდნენ, მათაც გაყიდვები შეუმცირდათ, საბოლოო ჯამში ლიკვიდურობის პრობლემა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ აი ამას პასუხობს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომელიც გამოქვეყნდა.

ძალიან ღირებულია ის, რომ საშემოსავლო გადასახადის ამინისტია ხდება პირველი მაისიდან 6 თვის ვადით. ჩვენს ქვეყანაში საწარმოო სექტორში, რესტორნებში და ძალიან ბევრ სექტორში, დასაქმებული ადამიანების ხელფასი არის დაახლოებით 750 ლარამდე, კარგი იქნება რომ წლების განმავლობაში ის მნიშვნელოვნად გაიზარდოს. მაგრამ რეალური ვითარება დღეს ეს არის და ამ მხრივ საშემოსავლო გადასახადის ამნისტია სწორედ იმას უწყობს ხელს, რომ კომპანიებმა შეძლონ ლიკვიდურობის მართვა“, – განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ბიზნესების გახსნის ვადა 2–3 კვირით გადმოიწევს.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იყო ამ ეკონომიკურ გეგმაში არის ის, რომ გაცხადდა რა ეტაპზე და რა ვადებით მოხდება ბიზნესების გახსნა. ჩვენ ორი სამი კვირის განმავლობაში სწორედ ამ საკითხს ვაყენებდით, რომ კარგია განჭვრეტადობა ჰქონდეს ბიზნესს.

თუმცა, ჩვენ როდესაც ვხედავთ, ბოლო დღეებში განსაკუთრებით, რომ პანდემიასთან ბრძოლა საკმაოდ ეფექტურად მიდის და ეს ჩვენი კონკურენტული უპირატესობა იქნება... მაგრამ ამ პროცესების ფონზე ვფიქრობ რომ თუ ერთი ორი კვირა კიდევ ასე ეფექტურად გაგრძელდა ვირუსის გავრცელების შეკავება და ბრძოლა მის წინააღმდეგ, ჩვენ მთავრობას შევთავაზეთ ორი სამი დღის წინ, რომ კარგი იქნება თუ გახსნის ვადები გადმოიწევს. ანუ რაც 6 ივლისს უნდა გახსნილიყო, ორი სამი კვირით აქეთ გადმოიწევს და ბიზნესებს უფრო მალე მიეცემათ საშუალება რომ დაუბრუნდნენ თავის ეკონომიკურ საქმიანობას. თითოეული დღე თითოეული ბიზნესისთვის არის ძალიან დიდი ხარჯი“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.