მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო საპენსიო სქემებში მონაწილეობისთვის ადამიანები საგადასახადო შეღავათებით უნდა დავაინტერესოთ - G&T

6155cf1c5cb44
ელენე გოგბერაშვილი
01.10.21 19:00
879
პარლამენტის დღის წესრიგიდან ხდება ცნობილი, რომ მთავრობა კერძო-დაგროვებითი საპენსიო სისტემის მხარდაჭერის მიზნით, ახალი მარეგულირებელი ნორმების მიღებას გეგმავს, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე შემუშავებულია; მეტ დეტალზე დღეს ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც უშუალოდ ამუშავებს ამ ცვლილებებს, დამატებით განმარტებებს არ აკეთებს, თუმცა მათ მიერ პარლამენტში წარდგენილი განმარტებითი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ კერძო-დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმირების ვალდებულება საქართველომ EU-სთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებშიც აიღო.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს 1 მილიონზე მეტი მოქალაქე ნაწილობრივ სავალდებულო საპენსიო სისტემაშია ჩართული, რის შედეგადაც მათი ხელფასის 6% მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ საპენსიო ფონდში ირიცხება. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ამ სისტემაში დაგროვილ პენსიებს “მეორე სვეტის” პენსიები ეწოდება, რადგან “პირველი სვეტის” პენსიები ქვეყანაში დღეს მოქმედი ასაკობრივი პენსიაა. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებულია ასევე “მესამე სვეტის” პენსიებიც, რაც მოქალაქეთა ნებაყოფლობით საპენსიო დანაზოგებს და უშუალოდ დამსაქმებლების მიერ შეთავაზებულ საპენსიო ბენეფიტებს გულისხმობს.

Galt &Taggart-ის მმართველი დირექტორი ოთარ შარიქაძე აცხადებს, რომ ე.წ მესამე პილარის ჩართვის შემთხვევაში ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ექნება არჩევანი, ფული სადაზღვევო კომპანიაში ან სხვა აქტივების მმართველ ნებისმიერ კომპანიაში დააბანდოს.

„ეს პრაქტიკა მიღებულია ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩაირთო ჩვენი საპენსიო სქემა, არის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ვინც ამ სქემის მიღმა რჩება. ესენი არიან თვითდასაქმებულები და ასევე ის ხალხი, ვინც თავისი არჩევანით ამა თუ იმ მიზეზით გადაწყვეტილება მიიღო არ ჩართულიყო ამ სქემაში. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მოსახლეობის ამ ნაწილსაც, ვისაც აქვს იმის საშუალება, რომ მცირედი რეგულარული დანაზოგი აკეთონ, საშუალება მიეცეს ამა თუ იმ სქემაში მიიღოს მონაწილეობა“, - აცხადებს შარიქაძე.

Galt &Taggart-ის მმართველი დირექტორი იმ მხარდამჭერ მექანიზმებზე საუბრობს, რასაც იყენებს ბევრი ქვეყანა და რომელმაც მოქალაქეები კერძო საპენსიო სქემებით უნდა დააინტერესოს.

„რაც შეეხება იმას, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოვიზიდოთ ხალხი და დავაინტერესოთ, პირველ რიგში, ეს იქნება საგადასახადო შეღავათები, რაც უნდა შეეხოს ამ სქემასაც. სხვა შემთხვევაში ამ სქემას მეტი ხარჯი ექნება, ვიდრე სახელმწიფო სქემას. წლების განმავლობაში ეს სქემა არსებობდა საქართველოში, თუმცა არ მუშაობდა, იქიდან გამომდინარე, რომ არ ჰქონდა არანაირი საგადასახადო შეღავათი.

მაგალითად, უცხოეთში ზოგი სთავაზობს საკუთარ თანამშრომლებს სქემებს, სადაც თანამშრომელს არჩევანი აქვს, პირობითად გარკვეული თანხა, რომლის თანადაფინანსება მოხდება კომპანიის მხრიდან, განათავსოს საპენსიო სქემაში და აქ არჩევანი მარტივია, რომ ეს თანხა იყოს სულ ფასიან ქაღალდებში ანუ კაპიტალის ფასიან ქაღალდებში ან სულ ე.წ. ქეშში, ნაღდ ფულში დაიდოს დეპოზიტებზე და ყოველ წელს ადამიანს შეუძლია ეს გადანაწილება ცვალოს მისი მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ეს საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა და რაც უფრო მეტი დანაზოგის შექმნას წავახალისებთ, მით უფრო სწრაფი იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდა. მეორე მხრივ, ეს დანაზოგები დაეხმარება კაპიტალის ბაზარს.

საგადასახადო კუთხით ბევრი ასპექტი შეიძლება განვიხილოთ, თუმცა ალბათ მთავარია, არ უნდა იბეგრებოდეს ნაწილობრივ ეს შენატანები და ის თანხა, რაც პენსიაზე გასულმა ადამიანმა უნდა გაიტანოს, გათავისუფლებული უნდა იყოს გადასახადებისგან, რა პრაქტიკაც არსებობს მსოფლიოში“, - აცხადებს ოთარ შარიქაძე და დასძენს, რომ Galt &Taggart, როგორც საინვესტიციო ბანკი დაინტერესებულია ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა და აქტივების მართვის ლიცენზია აიღოს.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში “მესამე სვეტის” პენსიების გავრცელება ძალიან დაბალია. სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის 0.5%-ზე ნაკლები (15,789 ადამიანი) არის ჩართული ამ საფეხურის საპენსიო სქემაში. კერძო დაგროვებითი საპენსიო დანაზოგების მართვის ლიცენზია სულ 3 კომპანიას აქვს, მათგან ორი სადაზღვევო კომპანიაა (“ალდაგი” და “ჯი პი აი ჰოლდინგი”), ლიცენზიის მესამე მფლობელი კი სახელმწიფო კომპანია “საქაერონავიგაციაა”, რომელიც უშუალოდ თავისი თანამშრომლების საპენსიო დანაზოგებს მართავს. სტატსიტიკა აჩვენებს, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში ამ კომპანიების საპენსიო სქემის ჯამური საინვესტიციო შემოსავალი 1 მილიონ ლარს სცდება.

“მესამე სვეტის” პენსიის ბენეფიციარები საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიიღებენ როგორც სახელმწიფო საბაზისო პენსიას, ასევე სახელმწიფო დაგროვებით პენსიას და “მესამე სვეტის” ანუ კერძო-დაგროვებით პენსიას.