1881 წელს გერმანიის პირველმა კანცლერმა ოტო ბისმარკმა პენსიაზე გასვლის რადიკალურად განსხვავებული ფორმა მოიფიქრა: 70 წელს გადაცილებული პირებისთვის სახელმწიფო ყოველთვიურ პენსიას გამოყოფდა, რითაც მათ მიერ სამსახურების დატოვებას წაახალისებდა - საპენსიო მოდელი მასებზე მალევე გავრცელდა და დღეს, უკვე გლობალურად, ქვეყნების უმრავლესობა მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, თავისი რეზიდენტებისთვის გარკვეულ ფინანსურ ბენეფიტებს გამოყოფს.
თანამედროვე სამყაროში პენსია მხოლოდ ფინანსურ სარგებელს აღემატება. სწორედ ამიტომ, ქონების მართვის კომპანია Natixis-მა 44 სახელმწიფოს საპენსიო სისტემა იმ 4 კატეგორიის მიხედვით შეაფასა, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, საუკეთესო საპენსიო პირობები მიიღონ. 2023 წლის გლობალურ საპენსიო ინდექსში თითოეული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შეფასება, საშუალოდ, 100 ქულას აღწევს, მინიჭებული ქულებით კი რეიტინგი დგინდება.
ინდექსი პენსიაზე გასასვლელად საუკეთესო ქვეყნებს შემდეგი კატეგორიების მიხედვით აფასებს:
- ჯანდაცვა - საყოველთაო ჯანდაცვისთვის ერთ სულ მოსახლეზე დახარჯული ფინანსები, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარჯები, რომლებსაც დაზღვევა არ ანაზღაურებს;
- ცხოვრების ხარისხი - ბედნიერების დონე, სასმელი წყალი და სანიტარია, ჰაერის ხარისხი, გარემო და ბიომრავალფეროვნება;
- მატერიალური კეთილდღეობა - შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, შემოსავლის თანასწორობა, დასაქმებულთა უქმე დღეები;
- საპენსიო ფინანსები - სახელმწიფო ვალი, ინფლაცია, მონეტარული პოლიტიკა, საგადასახადო პოლიტიკა და სხვ.
რომელი ქვეყანა ზრუნავს ყველაზე უკეთ 60 წელს გადაცილებულ რეზიდენტებზე? გლობალური ინდექსის თანახმად, ასეთი ნორვეგიაა, რომელმაც პირველი ადგილი ჯანდაცვასა და მატერიალური კეთილდღეობის კატეგორიებში მიღებული მაღალი ქულების ხარჯზე დაიმსახურა. ჯანდაცვის მიმართულებით, ნორვეგია ერთ-ერთია იმ ქვეყანათა მცირე ჩამონათვალში, რომლებმაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა პანდემიის შემდეგ გააუმჯობესეს. შესაბამისად, ნორვეგიაში ადამიანები საშუალოდ 83.3 წელს ცხოვრობენ, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგია. კონტრასტი განსაკუთრებულად თვალსაჩინოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ინდექსით შეფასებულ სხვა ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, კანადა და ავსტრია, პანდემიის შემდეგ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შემცირებულია. რაც შეეხება მატერიალურ კეთილდღეობას, ამ კატეგორიაში მაღალი შეფასება ნორვეგიამ უმუშევრობის დაბალი დონით (3.8%) დაიმსახურა.
საინტერესოა ისიც, რომ ნორვეგიამ და მისმა მომდევნო TOP 3-მა ქვეყანამაც, რეიტინგში თავიანთი პოზიციები 2022 წლის ინდექსის შემდეგაც შეინარჩუნეს.
საუკეთესო საპენსიო სისტემების მქონე 25 ქვეყანა:
- ნორვეგია - 83%
- შვეიცარია - 82%
- ისლანდია - 81%
- ირლანდია - 80%
- ლუქსემბურგი - 79%
- ნიდერლანდები - 79%
- ავსტრალია - 78%
- ახალი ზელანდია - 77%
- გერმანია - 76%
- დანია - 76%
- ავსტრია - 75%
- კანადა - 74%
- ფინეთი - 74%
- შვედეთი - 74%
- სლოვენია - 73%
- გაერთიანებული სამეფო - 73%
- ბელგია - 72%
- ისრაელი - 72%
- ჩეხეთი - 72%
- აშშ - 71%
- სამხ. კორეა - 70%
- მალტა - 69%
- საფრანგეთი - 69%
- იაპონია - 68%
- ესტონეთი - 67%
ინდექსმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ “მოწინავე ეკონომიკებად” წოდებული, ასევე “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD”-ისა და BRICS-ის (აკრონიმი: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) წევრი ქვეყნები შეაფასა. შესაბამისად, საქართველო რეიტინგში არ მოხვედრილა.