მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიდევ ერთი ე.წ. "ყალბი დღგ"-ის საქმე გაიხსნა - საგამოძიებო სამსახური

61b98f7d43743
ინგა მურუსიძე
15.12.21 11:04
1651
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო საქართველოში რეგისტრირებული 9 კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2017-2019 წლებში, ზემოაღნიშნულ კომპანიებს შორის გაწერა, ჯამში, 9 996 280 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახეობის ჯართის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რა გზითაც მისსავე მართვის ქვეშ მყოფ მეწარმე სუბიექტებს შეუქმნა ჯამში 330 615 ლარის ოდენობის დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი აქტივი, რომლის ნაწილს, 184 748 ლარის ოდენობის თანხას დაეუფლა თაღლითურად, ხოლო 145 867 ლარი გამოიყენა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.

გამოძიების პროცესში, ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ამოღების უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულ იქნა ბრალდებულის სახელზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.